საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა  (მარცხნივ) და "მაიკროსოფტის" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გენერალური მენეჯერი მაიკლ კოგელერი (მარჯვნივ). 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

კომპანია “მაიკროსოფტი” საქართველოს 31 სკოლაში უკაბელო ინტერნეტის ქსელს დაამონტაჟებს

2016-2017 სასწავლო წლებში საქართველოს სოფლებისა და ქალაქების 31 სკოლაში კომპანია “მაიკროსოფტი” უკაბელო ინტერნეტის სისტემას დაამონტაჟებს კომპანიასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და კომპანია “მაიკროსოფტის” წარმომადგენლობამ დღეს, 4 ნოემბერს, განათლების სამინისტროში მოაწერეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ცნობით, გარდა იმისა, რომ “მაიკროსოფტი” ამ თანამშრომლობის ფარგლებში სამინისტროს საქართველოს სკოლებში Wi-Fi ინფრასტრუქტურის დანერგვაში დაეხმარება, ის მხარს დაუჭერს მასწავლებლებს და სკოლის ლიდერებს საგანმანათლებლო კონტენტით, სასწავლო მასალებითა და ექსპერტიზით, რათა ხელი შეუწყოს ინტერნეტით სარგებლობას და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა/სწავლების პროცესში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, “მაიკროსოფტ კონეკტივიტის” გლობალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ტოლედო ლეიტმა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გენერალურმა მენეჯერმა, მაიკლ კოლეგერმა.

როგორც განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, პროექტის საწყის ფაზაში, 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, “მაიკროსოფტი” უფასოდ დანერგავს უკაბელო ინტერნეტის ტექნოლოგიას ქვეყნის დიდი და პატარა ქალაქების 31 სკოლაში. ხანგრძილივი სტრატეგიით კი ინტერნეტი საქართველოს ყველა სკოლას უნდა მიეწოდებოდეს (მათივე ცნობით, ამჟამად ინტერნეტი ბევრ სკოლას აქვს, თუმცა Wi-Fi ინფრასტრუქტურა — არა).

სამინისტროს ცნობითვე, ამ პროექტით მასწავლებლები და მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტთა დაკავშირებას სკოლაში, რაც “მოხსნის ცოდნასთან წვდომის ბარიერს”, და სკოლებს 21-ე საუკუნის სამუშაო გარემოსთვის საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

“ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს, ჩვენი საბოლოო მიზანია, აბსოლუტურად ყველა სკოლაში, მინიმუმ რაღაც ტერიტორიაზე, საუკეთესო შემთხვევაში, მთელ სკოლაში ჰქონდეთ “ვაიფაი”. საბოლოო ჯამში, ეს პრაქტიკულად საშუალებას მოგვცემს, რომ ის თავისუფალი გაკვეთილები, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სადაც დაფასთან გამოძახების რეჟიმში კი არ მიდის მუშაობა, არამედ ინტერაქტიულ რეჟიმში, როგორც მიღებულია თანამედროვე სტანდარტებით, აქეთკენ ვიმოძრაოთ”, – უთხრა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ.

“საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი არის განათლების რეფორმა. თვითონ განათლების რეფორმაში ტექნოლოგიებს ექნება ცენტრალური ადგილი. ჩვენ ვგეგმავთ როგორც ელექტრონული სწავლების პრინციპების განვითარებას, ასევე, თამაშების გამოყენებას სწავლისთვის სკოლაში, პროგრამირების სწავლებას სკოლაში, ელექტრონული რესურსების განვითარებას ყველა მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავა ხელს აწერს "მაიკროსოფტთან" ურთიერთგაგების მემორანდუმს. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და “მაიკროსოფტს” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე.