ახალი ამბები

პრეზიდენტის მიერ წარმატებულად მოხსენიებულ ბიზნესმენს მოსახლეობა ედავება

30 ივლისი, 2012 • 1205
პრეზიდენტის მიერ წარმატებულად მოხსენიებულ ბიზნესმენს მოსახლეობა ედავება

კომპანია „გლობალმშენი“ ლუკა ასათიანის 13 ნომერში 8-სართულიან სახლს აშენებს. სახლის მშნებლობის დროს მეზობლად მდებარე ექვს ოჯახს პრობლემები შეექმნა: საძირკველის გათხრის დროს ექვსივე ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ ჯერ მათი სახლები გამაგრდეს და მშენებელმა შემდეგ განაახლოს მრავალფუნქციური სახლის მშენებლობა.

 

„ჩვენ ყოველდღიურად საფრთხის წინაშე ვართ, მფლობელი კი ქეიფობს მის მიერ აშენებულ კოშკ-რესტორანში და ჩვენ არ ვაინტერესებთ,“ – აცხადებს ლუკა ასათიანის 11 ნომერში მცხოვრები სულიკო ნაჭყებია.

 

იგი მშენებელი კომპანიის მფლობელ, სანდრო შარაშიძეს გულიხმობს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა დაახლოებით 2 კვირის წინ მოიხსენია, როგორც ადგილობრივი წარმატებული ბიზნესმენი. შარაშიძეს ეკუთვნის ახალ ბულვარში აშენებული კოშკი. კომპანია ძირითადად სახლების მშენებლობით არის დაკავებული.

 

ნოდარ მალაყმაძეც ლუკა ასათიანის ქუჩაზე ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ მშენებელმა კომპანიამ მშენებლობა ისე დაიწყო, რომ მათთან, როგორც მეზობლებთან, ხელშეკრულება არ გაუფორმებია:

 

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ სახლის საძირკველი ისე ვერ გაითხრებოდა, რომ მეზობლებს ზიანი არ მოგვდგომოდა, თანაც მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ ნებართვა არ ჰქონდათ, ვუჩივლეთ და ზედამხედველობის სამსახურმა 5000 ლარით დაჯარიმა,“ – ამბობს ნოდარ მალაყმაძე. 

 

„სახლამდე მისავლელი სამანქანო გზაც არ დატოვეს, სახლამდე მანქანით ვეღარ შევდივართ, ბარაკის ტიპის სახლს ხანძარი რომ გაუჩნდეს, სახანძრო მანქანაც ვერ შემოვა,“ – აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული ლალი ბაგრატია.

 

კომპანია “გლობალმშენის” გენერალური დირექტორი რეზო დავითაძე აცხადებს, რომ ამ სახლების გამაგრებას მაშინ დაიწყებენ, როცა „ახალი სახლის საძირკველის მშნებლობა მეზობლების დაბზარულ კედლამდე მიაღწევს“.

 

ის ასევე აღიარებს, რომ მშენებლობის დაწყება კანონდარღვევით მოხდა, რის გამოც ჯარიმა გადაიხადეს. მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია გენერალური დირექტორის ინტერვიუმ, სადაც ის ამბობდა, რომ შესაძლო ზიანისთვის მოქალაქეები ყოველთვიურად იღებენ თანხას.

 

მეზობლებმა მას შესაბამისი ხელშეკრულების წარმოდგენა მოთხოვეს, რაც კომპანიის წარმომადგენელს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი