ახალი ამბები

ენმ-ის პარლამენტში შესვლას მხარი პოლიტსაბჭოს 33-მა წევრმა დაუჭირა ცხრის წინააღმდეგ

12 ოქტომბერი, 2016 • 1320
ენმ-ის პარლამენტში შესვლას მხარი პოლიტსაბჭოს 33-მა წევრმა დაუჭირა ცხრის წინააღმდეგ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  გუშინდელ სხდომაზე ენმ-ის დეპუტაციის პარლამენტში შესვლისა და არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მხარი პოლიტსაბჭოს 33-მა წევრმა დაუჭირა, 9 ადამიანი ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, ხოლო შვიდმა თავი შეიკავა.

როგორც ნეტგაზეთს ენმ-ში განუცხადეს, სხდომას პოლიტსაბჭოს 49 წევრი ესწრებოდა. ენმ-ის ვებგვერდის თანახმად, პოლიტსაბჭოში სულ 60 ადამაიანი ერთიანდება. კითხვას, რატომ არ მიიღო მონაწილოება სხდომაში ყველა წევრმა, პარტიაში პასუხობენ: “ზოგი არ იყო ქალაქში, ზოგი არ იყო ქვეყანაში”. პოლიტსაბჭოს წევრები არიან ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, რომლებიც ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ენმ-ში არ ასაჯაროებენ და ამბობენ, რომ ეს ფარული კენჭისყრა იყო. პარტიაში განმარტავენ, რომ სხდომას პოლიტსაბჭოს წევრების გარდა “ახალი სახეები და მაჟორიტარობის” კანდიდატებიც ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილოება არ მიუღიათ.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ენმ მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს და პარლამენტშიც შევა. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა.

“შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ენმ პრაქტიკულად ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად დარჩა, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდეს და უარი ვთქვათ პოლიტიკური ბრძოლის ისეთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე, როგორიც პარლამენტის ინსტიტუტია. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად უთანაბრო პირობებისა, მიუხედავად გაყალბების და ზეწოლებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურიც ძალიან მძიმე ბრძოლის პირობებში ჩაივლის, ჩვენ ვიღებთ ბრძოლას, პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურებში, პარტია შევა პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო მუშაობაში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელიც ენმ-ის საპარლამენტო სისს 1 ნომერია.

ბაქრაძის თქმით, ენმ გამოიყენებს ყველა ტრიბუნას, პარლამენტს კანონიერ აქციებს, კავშირებს უცხოეთში, რათა ქვეყანა არ გადაიქცეს ერთპარტიულად.

ბოლო დღეების განმავლობაში ენმ-ში აქტიურად მსჯელობდნენ იმაზე, უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილოება მეორე ტურებში და შესულიყვნენ პარლამენტში, მას შემდეგ, რაც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურებში მონაწილოების აზრს ვერ ხედავდა, ამ პოზიციას პარტიაში ბევრი არ დაეთანხმა, მათ შორის გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, ელენე ხოშტარია და ა.შ.

“პარტიაში არსებობს განსხვავებული პოზიციები და სწორედ ეს არის ენმ-ის სიძლიერე. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ, როგორც ნორმალურ ცივილურ, ევროპულ პარტიას, შეგვიძლია ვისმჯელოთ, ვიკამათოთ არგუმენტებით დავარწმუნოთ ერთმანეთი და ერთ, შეთანხმებულ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იყო განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ დემოკრატიული პარტია ვართ”, – განაცხადა ბაქრაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი