ახალი ამბები

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია

8 სექტემბერი, 2016 • 3640
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია

საარჩევნო ბლოკი “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ აერთიანებს შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, “ტრადიციონალისტები” (აკაკი ასათიანი), “თავისუფალი საქართველო” (კახა კუკავა), “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” (კონსტანტინე გამსახურდია), “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” (გია ბერძენიძე), “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” (გოჩა ჯოჯუა).

პ/გ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” (იგივე “საქართველოს პატრიოტები”)  დაფუძნდა 2012 წლის 19 დეკემბერს და სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 22 იანვარს. პარტია მოქალაქეთა ჯგუფმა დააფუძნა, მათ შორის არიან მედიაკავშირ “ობიექტივის” წარმომადგენლები და “საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერები. ეს მოძრაობა კი, თავის მხრივ, 2010 წლის 22 დეკემბერს ჩამოყალიბდა.

პარტიის თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, გენერალური მდივანი კი – ირმა ინაშვილი, სამდივნოს წევრები არიან: ადა მარშანია, გიორგი ლომია, არჩილ ლეკიშვილი, რეგან (ცირა) თელოიანი, გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი, გიორგი მაღლაკელიძე.

პარტია, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულობებით.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ დეკლარირებული აქვს, რომ ის არის მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ზომიერი კონსერვატიული იდეების, აგრეთვე, ქართული სულისკვეთების, კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული ფასეულობების განვრცობას.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სრულ ევროინტეგრაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სფეროების ჩათვლით და ამავდროულად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნული და კულტურული ფასეულობები სრულად უნდა იყოს დაცული და შენარჩუნებული ევროინტეგრაციის პროცესში.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 4.72%, შედეგად ამ პარტიის სახელით საქართველოს თვითმმართველობის  რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციებში არჩეულია 44 მუნიციპალური დეპუტატი.

განვლილ თვითმმართველობის არჩევნებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მონაწილეობდა დამოუკიდებლად.

“პატრიოტთა ალიანსი” გამოირჩევა ანტითურქული და პრორუსული განწყობების გავრცელებით. მათი ლიდერების ორგანიზებით ჩატარდა არაერთი აქცია აჭარაში. მაგალითად, მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე, თურქეთთან საზღვარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი