ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი

6 ოქტომბერი, 2016 • 1616
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი

დღეს, 6 ოქტომბერს, 14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის/კანდიდატების წარდგენისა და არჩევის საკითხს განიხილავს.

ახალი თავმჯდომარის არჩევა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა გიორგი პაპუაშვილს.

კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ძველი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა აირჩეს. სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში.

თუმცა 6 ოქტომბერს უკვე დაინიშნა პლენუმის საორგანიზაციო ხდომა, სადაც თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა განიხილონ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის დაჩქარება არ უნდა ქმნიდეს პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულობის შთაბეჭდილებას.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადამდე სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურის გადადება ვერანაირად ვერ შეაფერხებს ე.წ. “გახმაურებულ საქმეებზე” მოსამართლეების მიერ საქმეების განხილვა-გადაწყვეტას, რადგანაც ახლად დანიშნული მოსამართლეები (ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში) არიან სასამართლოს პლენუმის წევრები და მათ სრულყოფილად შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი სამოსამართლეო უფლებამოსილება ამ პერიოდშიც.

“საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს შექმნილი კრიზისული სიტუაციის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასამართლომ, კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, კოლეგიურად შეძლოს თავისი საქმიანობის წარმართვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის დაძაბული ფონი, რომელიც ბოლო პერიოდში თან სდევდა სასამართლოს საქმიანობას და აზიანებდა მის ავტორიტეტს საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსამართლემ სრულყოფილად გაიზიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში და ხელი არ შეუწყოს ურთიერთობების დაძაბულ რეჟიმში წარმართვას. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, თითოეულ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული ვადა მათ კოლეგებთან კომუნიკაციისთვის და მოლაპარაკებისთვის. ამის შემდგომ კი გადაწყვიტოს თავისი ან სხვა მისი კოლეგის კანდიდატურის წარდგენა სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის დაჩქარება საზოგადოებაში არ ქმნიდეს ამ პროცესის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულობის შთაბეჭდილებას.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ სასამართლოში დღეს არსებული 8 მოსამართლიდან სამი ახლად დანიშნული ან ნებისმიერი სხვა სამი მოსამართლე ჩათვლის, რომ ისინი სრულად აპირებენ კანონით მათთვის მინიჭებული ვადის გამოყენებას, ეს ავტომატური საფუძველი გახდება 6 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომის კანონით გათვალისწინებულ ვადამდე გადადებისთვის, რადგანაც სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, თუ მას სასამართლოს მინიმუმ 6 წევრი ესწრება. მიგვაჩნია, რომ ეს წესი ასევე ვრცელდება სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხდომაზეც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მის თითოეულ მოსამართლეს. უზრუნველყონ პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ შესაძლებელი გახდეს ბოლო დროს სასამართლოს შიგნით არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვა. ამასთან, მნიშვნელოვანია. თითოეულ მოსამართლეს მიეცეს სრულყოფილი შესაძლებლობა გამოიყენონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები თავმჯდომარის არჩევის პროცესში,”- აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი