ახალი ამბები

IDFI: ყველაზე გაუმჭვირვალე საჯარო უწყება იუსტიციის სამინისტროა

28 სექტემბერი, 2016 • 1982
IDFI: ყველაზე გაუმჭვირვალე საჯარო უწყება იუსტიციის სამინისტროა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე გაუმჭვირვალე საჯარო დაწესებულება იუსტიციის სამინიტროს სისტემაა მასში შემავალი სსიპ-ებით.

IDFI-მ საქართველოს ყველა საჯარო დაწესებულებაში ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ჯამში, 8 000 მოთხოვნა გააგზავნა,  რის საფუძველზე ჩატარებული კვლევის თანახმად დაადგინა, რომ ყველაზე გაუმჭვირვალე უწყება საქართველოში იუსტიციის სამინისტროა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის თქმით, ის დადებით მუხტი, რომელიც ორგანიზაციამ 2013 წლიდან დააფიქსირა, როდესაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში ძალიან მაღალი გახდა, დღესაც შენარჩუნებულია, თუმცა არსებობს უწყებები, რომლებიც კვლავ არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. ასეთი უწყებებია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რამდენიმე რეგიონული ორგანიზაცია- თვითმმართველობა, ხოლო ყველზე პრობლემურად  იუსტიციის სამინისტროს ასახელებს თერთმეტივე სსიპ-ის ჩათვლით.

“ჩვენ  მათ გავუგზავნეთ  ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დაახლოებით 350 მოთხოვნა და არც ერთ ჩვენ მოთხოვნაზე პასუხი არ გასცეს, რითაც დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა”- ამბობს ავალიშვილი.

მისივე შეფასებით, ეს სერიოზული პრობლემაა:

“ეს შეინიშნებიდა შარშანაც, როცა მათი პროცენტული მაჩვენებელი ჩვენს რეიტინგში დაახლოებით 14 % იყო. წელს კი ეს მაჩვენებელი 0-ს უტოლდება”,- ამბობს ავალიშვილი.

ინფორმაცია, რომელსაც IDFI საჯარო უწყებებიდან ითხოვს, ლევან ავალიშვილის ცნობით, არის საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – პრემიები, დანამატები, მანქანების შეძენა, სხვადასხვა შესყიდვებთან დაკავშრებული ინფორმაცია, მონაცემები მრჩევლების შესახებ და სხვადასხვა სამართლებრივი აქტი, რომელსაც უწყება თავის საქმიანობის დროს გამოსცემს. საუბარია იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროა და არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, არ არის სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება.

რაც შეეხება ყველაზე გამჭვირვალე უწყებებს, როგორც IDFI-ის თავმჯდომარე გვეუბნება, ასეთი ბევრია, დაახლოებით 40-მდე უწყება, მათ შორის ავალიშვილი გამოყოფს საქართველოს პარლამენტს, ინფრასტრუქტურის, გარემოსდაცვის, ლტოლვილთა და განსახლების, სასჯელაღსრულების, სპორტისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს. დღეს სწორედ ეს და სხვა უწყებები დააჯილდოვა ორგანიზაციამ ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

კვლევის შედეგებში სხვა პრობლემური საკითხებიც გამოიკვეთა, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა. ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ არსებობს უწყებები, რომლებიც ჯიუტად არ გასცემენ ინფორმაციას: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ სასამართლო მოვუგეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და არ გასცემს ინფორმაციას. ეს დავა 2 წელი გრძელდება, ჩვენ ვითხოვდით 2013 წელს შსს-ში თანამდებობის პირებზე გაცემულ პრემიებსა და დანამატებს სახელობით, მოვიგეთ I და II ინსტანციები, მოვიგეთ უზენაესი სასამართლოც 2016 წლის გაზაფხულზე.  სასამართლოში საქმის მოგების მიუხედავად, შსს დღემდე არ გასცემს ამ ინფორმაციას. ჩვენ მივმართეთ აღსრულების ბიუროსაც, რომ იძულებითი აღსრულების გზით მოგვეპოვებინა ეს მონაცემები, კვლავ არ მიგვიღია და მივმართავთ უკვე პროკურატურას, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიმართ, რომ ის არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ამბობს ლევან ავალიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი