ახალი ამბები

ბურჭულაძე: ივანიშვილი არის მატყუარა და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოვითხოვ

19 სექტემბერი, 2016 • 1190
ბურჭულაძე: ივანიშვილი არის მატყუარა და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოვითხოვ

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მატყუარა და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

დღეს, 19 სექტემბერს, სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ბურჭულაძემ, განაცხადა, რომ უზნეობა და უკანონობაა სხვა ადამიანების წერილების კითხვა და პირადი საუბრების მოსმენა, შემდეგ კი საჯარო სივრცეში გამოქვეყნება.

“მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც ამ ბინძური მეთოდით ცდილობს სხვის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს.

“მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია, არავის აქვს უფლება, სრულიად უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ მომაყენოს პირადი შეურაცხყოფა და შეეცადოს ჩემი ამომრჩევლისა და მთელი საზოგადეობის მოტყუებას. ამით ბიძინა ივანიშვილმა თავის თავი ამხილა”, – აცხადებს ბურჭულაძე.

“ის არის მატყუარა და მოვითხოვ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა. უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების ტირაჟირებას. ჩვენ მრავალი წელია ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მთელი ქვეყანა აქციოს ორღობედ, სადაც ვინ როგორ ჭორს მოყვება, ის იქნება მთავარი”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პარტიის “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი, პაატა ბურჭულაძე გამოეხმაურა მასსა და “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას. ჩანაწერის გამოქვეყნების თაობაზე საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 12 სექტემბერს იმერეთში მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბურჭულაძემ გვერდში დგომის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხა მოსთხოვა, რაზეც ივანიშვილი განაწყენდა. პაატა ბურჭულაძე კი აცხადებს, რომ მას ივანიშვილისთვის ფული არ მოუთხოვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი