ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის პარტია ეკონომიკური პოლიტიკის ჯგუფის ლიდერმა დატოვა

14 დეკემბერი, 2016 • 4482
პაატა ბურჭულაძის პარტია ეკონომიკური პოლიტიკის ჯგუფის ლიდერმა დატოვა

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის ეკონომიკური პოლიტიკის ჯგუფის ლიდერმა გიორგი პაპავამ პარტია დატოვა. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება პარტიის განვითარების კუთხით არსებულ გაკრვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება:

“მე პარტიის წევრი აღარ ვარ. გარკვეულ ჯგუფს პარტიის განვითარების სხვა მიმართულება მიგვაჩნდა მიზანშეწონილად, თუმცა გადაწყვეტილება ცოტა სხვანაირად იქნა მიღებული. ამ ჯგუფმა გადავწყვიტეთ პარტიის დატოვება და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ბატონ პაატასაც და პარტიის ახალ თავმჯდომარესაც”, – ამბობს პაპავა და დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს.

მას ვკითხეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო პარტიის ეკონომიკური ჯგუფის კიდევ ერთმა ლიდერმა ირაკლი ყიფიანმა, რომელზეც პაპავამ გვითხრა, რომ ეს უკანასკნელი პარტიის წევრი არ არის:

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბატონ პაატას და ახალი თავმდჯომარის მონაწილეობით, სადაც მეც ვიყავი, ირკალიც [ყიფიანი]… გარკვეულ ჯგუფს პარტიის განვითარების სხვა გზა მიგვაჩნდა უფრო მიზანშეწონილად. დეტალებზე არ მინდა საუბარი, მაგრამ გადაწყვეტილება სხვა კუთხით იქნება მიღებული, რაც პარტიის დღევანდელ ყრილობაზე გაფორმდა. მე ნიკას და პარტიის დარჩენილ წევრებს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მე ამ პარტიის წევრი აღარ ვარ”, – გვითხრა პაპავამ.

ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს დავით ჯანდიერი: დარჩება პარტიაში, თუ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს. ნეტგაზეთმა ჯანდიერთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

პაატა ბურჭულაძემ მის მიერ დაფუძნებული პარტიის, “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან ოფიციალურად წავიდა. როგორც ნეტგაზეთს პარტიაში განუცხადეს, პარტიის თავმჯდომარედ ისტორიკოსი ნიკა მაჭუტაძე აირჩიეს.

პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ დღესვე აირჩიეს პარტიის გამგეობის წევრები: ქეთი ნიჟარაძე, ნიკა ნაჭყებია, სალომე ნარიაშვილი და ნიკა მაჭუტაძე.

IPN-ის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე უცხოეთში გამგზავრებას და სცენაზე დაბრუნებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი