ახალი ამბები

ივანიშვილი: ბურჭულაძემ უამრავი ფული მომთხოვა, როცა ვთხოვე, გვერდში დაგვიდექი-თქო

12 სექტემბერი, 2016 • 1970
ივანიშვილი: ბურჭულაძემ უამრავი ფული მომთხოვა, როცა ვთხოვე, გვერდში დაგვიდექი-თქო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, პაატა ბურჭულაძემ გვერდში დადგომის სანაცვლოდ მას დიდი რაოდენობის ფული მოსთხოვა. ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ ბურჭულაძე დაკავშირებულია ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან”:

“მე სამი წელიწადია არ მინახავს ბურჭულაძე, ნაწყენი ვარ, არ დავმალავ. ვიყავი ნაწყენი იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც ვთხოვე, გვერდით დაგვიდექი-თქო, უამრავი ფული მოითხოვა მაშინ და შეურაცხყოფილი იყო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. იმის შემდგომ დაბადების დღე 3-ჯერ გადაიხადა 3 წლის განმავლობაში და არც ერთხელ არ მივსულვარ”,- განაცხადა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ქუთაისში.

ივანიშვილის განცხადებას პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერიდან უპასუხა:

“გულახდილად რომ გითხრათ, მე მაინტერესებს, რა თანხაზე იყო ლაპარაკი. ნუთუ ისეთი მოვთხოვე, რომ მას ძალიან გაუჭირდა ჩემთვის ფულის მოცემა. ესე იგი კარგად ამიწევია ჩემი ფასი. რა უნდა მომეთხოვა მე ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილს… ალბათ როგორც მეფეებს სთხოვენ, ნახევარი სამეფო მომეცი-მეთქი, 3.5 მილიარდი. როგორ უნდა გიპასუხოთ ახლა ამაზე?”- ამბობს ბურჭულაძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ივანიშვილის მიერ ნათქვამი, ბურჭულაძემ ასე უპასუხა:

“როგორ უნდა გიპასუხოთ? ისეთი მომთხოვაო. რა მოვთხოვე ისეთი, რომ მაგას გაუჭირდა? ესე იგი ძალიან დიდი თანხა. რა ვიცი. ჩემი პასუხი არის ასეთი: საინტერესოა, რა თანხაზეა ლაპარაკი”.

ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის 28 მაისს დააფუძნა პარტია “სახემლმწიფო ხალხისთვის”. 18 აგვისტოს ოთხი პოლიტიკური პარტია – პაატა ბურჭულაძის პარტია“სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.  ბლოკის სახელწოდებაა “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი