ახალი ამბები

ენმ-ის კანდიდატი ამბობს, რომ მისი ერთი საარჩევნო ბანერი დააზიანეს, ხოლო მეორე – მოიპარეს

13 სექტემბერი, 2016 • 3154
ენმ-ის კანდიდატი ამბობს, რომ მისი ერთი საარჩევნო ბანერი დააზიანეს, ხოლო მეორე – მოიპარეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ სირაძის განცხადებით, “მისი საარჩევნო ბანერების ნაწილი დააზიანეს, ნაწილი კი მოიპარეს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ენმ ავრცელებს”.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კომპანია outdoor.ge-სთან ხელშეკრულება გააფორმა, საქართველოს ტერიტორიაზე სარეკლამო სტენდებზე მაჟორიტარი კანდიდატების ბანერების განთავსების მიზნით. ბანერი 4 რაიონში უნდა განთავსებულიყო: ონში, ცაგერში, ლენტეხსა და ამბროლაურში. 8 სექტემბერს კომპანიამ ჩემი ბანერები სტენდებზე განათავსა და სწორედ მაშინ დაიწყო გაუგებრობები. კერძოდ, ქალაქ ონში, დღის 3 საათზე, ცენტრალურ მოედანზე, სადაც ავტოსადგურია, 10-ზე მეტი მაღაზია, დღემდე დაუდგენელმა პირმა საწვავი შეასხა სარეკლამო დაფას და ცეცხლი გააჩინა, შედეგად ბანერი დაიწვა. იმ დღესვე ონის რაიონულ სამმართველოში შევიტანე განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულიყო. ამ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, თუმცა დუმილი ამჯობინეს. ამის მიუხედავად, ყველამ კარგად იცის, ვინ ჩაიდინა. იმედს ვიტოვებ, არჩევნებამდე გამოიძიებენ ამ საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი გვექნება, რომ ეს ყველაფერი პოლიციასთან შეთანხმებით მოხდა.

შემდეგ ცაგერსა და ლენტეხში, ცენტრალურ მოედანზე უშუალოდ ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავალებით ჩამოხსნეს ჩემი ბანერი და მეორე დღეს კი ქართული ოცნების კანდიდატის სარეკლამო ბანერი განათავსეს. მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, არჩევნებს პლაკატები და ბილბორდები ვერ იგებს. ქართულ ოცნებას ჰქონდა შესაძლებლობა ებრძოლა 4 წლის გამნმავლობაში უმუშევრობასთან, კრიმინალთან და სიღარიბესთან, მაგრამ ეს წლები ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დევნას მოანდომა.

მე არ მჭირდება სარეკლამო ბანერები გამარჯვებისთვის. მსგავსი ქმედებები ვერ მოუტანს შედეგს ქართულ ოცნებას, თუმცა 8 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვებით ვუპასუხებთ ამ უზნეობას და ჩვენ გამარჯვებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის”, – ნათქვამია სირაძის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც “ნივთის დაზიანებას ან განადგურებას” გულისხმობს.

ოთარ სირაძის დაზიანეული ბანერი

ოთარ სირაძის დაზიანეული ბანერი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი