ახალი ამბები

მარნეულში ქორწილში 200-მდე ადამიანის მოწამვლაზე გამოძიება დაიწყო

30 აგვისტო, 2016 • 1153
მარნეულში ქორწილში 200-მდე ადამიანის მოწამვლაზე გამოძიება დაიწყო

მარნეულში, სოფელ სადახლოში ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა.

მოწამვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების, შემოტანის ან რეალიზაციის მუხლით (სსსკ-ის 198-ე მუხლი)

ქორწილში გამოყენებული საკვების ნიმუშები აიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ასევე, დალუქეს საბანკეტო დარბაზის მაცივრები:

“მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევის გამო სააგენტოს წარმომადგენლები დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე, აიღეს სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში, დალუქეს საბანკეტო დარბაზის მაცივრები. ამ დროისთვის ბიზნეოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება მიმდინარეობს. სურსათის ლაბორატორიული კვლევისა და ინსპექტირების შედეგების მიხედვით გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები,”- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

მარნეულის საავადმყოფოში მოწამლულები მოინახულა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა:

“მინდა, დავამშვიდო ყველა, არ ინერვიულონ, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე ინტოქსიკაციაა. გამოძიება დაწყებულია, დალუქულია საკვების და სასმელის ნიმუშები და საინტერესო იქნება, დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი