ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილი მშიშარა კაცია [Video]

17 აპრილი, 2012 • • 1142
ივანიშვილი: სააკაშვილი მშიშარა კაცია [Video]

დღეს, 17 აპრილს ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ მხარეში – საჩხერეში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა. ოფისის პრეზენტაციას კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. ოფისის გახსნას ასევე ესწრებოდნენ კოალიციის წევრები –  “კონსერვატორების” ლიდერი ზვიად ძიძიგური და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ასევე, ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი. ოფისის ხელმღვანელად დაინიშნა გურამ შუკაკიძე.

ბიძინა ივანიშვილმა იქ შეკრებილ მოსახლეობასაც მიმართა და გამოსვლაში ყურადღება რამდენიმე სააკითხზე გაამახვილა.

მან პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდა, რომ “არ დაემორჩილონ სააკაშვილის ძალადობრივ პოლიტიკას”.

“სააკაშვილი მშიშარა კაცია. მხოლოდ მშიშარა კაცმა იცის ძალის გამოყენება. ის ძალადობს საკუთარ ხალხზე. თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის დაისაჯა ძალიან ბევრი ჩვენი კუთხის მოქალაქე და ძალიან ბევრი საჯარო მოხელე გათავისუფლდა სამსახურიდან. მათაც თანადგომას გამოვუცხადებთ ჩვენ და არავის გაჭირვებაში არ დავტოვებთ. მე განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გავიხსენო ის ბიჭები,  რომლებმაც მოახერხეს და ძალიან პრინციპული პოზიცია დაუპირისპირეს მშიშარა სააკაშვილის ძალადობას. ესენი გახლდნენ კიკნაძე დათო, არასრულწლოვანი, ძმები მაჭარაშვილები, იმედო ჭიღლაძე,  რომლებმაც 13 იანვრის დღესასწაულზე ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ჩემდამი მხარდაჭერა. ხოლო ზვიად ბრეგვაძეს, როგორც იცით კარგად, ფეხები დაამტვრიეს. მე მინდა მივმართო პოლიციის თანამშრომლებს: ნუ ემორჩილებიან სააკაშვილის ძალადობრივ პოლიტიკას, ნუ არღვევენ კანონებს, ნუ ასრულებენ უკანონო ბრძანებებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საჩხერის მაგალითზე, როგორც კი მოვლენ ისინი ხელისუფლებაში, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან ის პოლიციელები, რომლებმაც 13 იანვრის ღამეს ცემეს რამდენიმე მოქალაქე საჩხერეში, ვინც ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

გამოსვლაში ივანიშვილმა ასევე ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე.

“რეალური თვითმმართველობა  უნდა ვისწვლოთ ჩვენ, ქართველებმა, რომ ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ, რომ სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლება არის ჩვენგან ნაქირავები. რეალური თვითმართველობის დანერგვით ჩვენ მოვახერხებთ, ვისწავლოთ მართვა ქვემოდან, რაც გვაკლია ჩვენ. ადგილობრივი თვითმართველობით უნდა მოვახერხოთ ჩვენ ჩვენს მეზობლებს, ჩვენი რაიონის დეპუტატებს, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ, ისინი ვალდებულები არიან გვემსახურონ ჩვენ, გემსახუროთ ჩვენ. და თუ ადგილობრივი დეპუტატი ვერ ახერხებს ამას, ვერ გაამართლებს ხალხის ნდობას, ჩვენ გვექნება უფლება გამოვიწვიოთ, შევუწყვიტოთ მას ის ნდობა, რომელიც მას მივეცით არჩევნების დროს. ეს არ იქნება მუდმივი”, – მიმართა ივანიშვილმა შეკრებილებს.  

ივანიშვილი ასევე შეეხო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასა და ევრო–ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას.  

“ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ ქვეყანაში აღსდგეს სამართლიანობისა და დაცულობის განცდა. მე კარგად ვიცი, როგორი დაუცველია დღეს საქართველოს თითოეული მოსახლე. მე კარგად განვიცადე ეს საკუთარ თავზე. მე გპირდებით, რომ ჩვენი მოსვლიდან რამდენიმე თვეში აღდგება სამართლიანობა ქვეყანაში, აღდგება რეალური სასამართლო. რეალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული შიდა ჩვენი სახელმწიფო მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენი სწრაფვა ევრო–ატლანტიკურ სივრცეში რეალურად განვახორციელოთ და არა ასე ფასადურად, მოჩვენებითად, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი