ახალი ამბები

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენაზე დროული რეაგირება მოახდინოს

5 აგვისტო, 2016 • 1130
ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენაზე დროული რეაგირება მოახდინოს

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს თელავში, პარტია „სოციალისტური საქართველოს“ წევრების მიერ რომან ქევხიშვილისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი გმობს ძალადობრივ ქმედებებს, სიძულვილის ენის გამოყენებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინონ  დროული  რეაგირება და ძალადობრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

ვინაიდან არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია დაძაბულობის ზრდა, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად უზრუნველყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედების პრევენცია და თითოულ ფაქტზე მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, აცხადებს სახალხო დამცველი.

4 აგვისტოს ქალაქ თელავში, პარტია „სოციალისტურ საქართველოს“ წევრები პარტიულ ყრილობას მართავდნენ თელავის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში. სასაწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირისპირო აქცია გამართეს ახალი პოლიტიკური ცენტრის  „გირჩის“ წარმოადგენლებმა, რასაც მოყვა დაპირისპირება.

“სოციალისტური საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა თემურ ფიფიამ ქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რომან ქევხიშვილს შეკრებაზე დასწრების უფლება არ მისცა და საუბრის დროს, სახეში ხელი დაარტყა.

აღნიშნულის გამო ფიფია პოლიციამ დააკავა და საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით დაიწყო გამოძიება. პოლიციამ ფიფია მოგვიანებით გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი