ახალი ამბები

დაკავება პარტნიორობაზე უარის გამო მუქარისთვის

2 აგვისტო, 2016 • 1569
დაკავება პარტნიორობაზე უარის გამო მუქარისთვის

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წლის 21 ივლისს მოქალაქე ჯ.ხ. დააკავეს მუქარის ბრალდებით, რომელიც პარტნიორობაზე უარის თქმის მოტივით ხორციელდებოდა.

ობმუდსმენის ოფისის გავრცელებული განცხადების  თანახმად,  მთავარმა პროკურატურამ  უჩა ნანუაშვილის წინადადება გაითვალისწინა და გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე, რომელიც პარტნიორობაზე უარის თქმის მოტივით ხორციელდებოდა:

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს უკანონო ადევნებისა და თვალთვალის, ასევე, ქალის მიმართ გენდერული ნიშნით მოტივირებული ძალადობის დეფინიციას, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოკლე ვადაში განხორციელდა სახალხო დამცველის წინადადებაზე რეაგირება. 2016 წლის 21 ივლისს დაკავებული იქნა მოქალაქე ჯ.ხ., რომელსაც წარედგინა ბრალდება, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს გირაო შეუფარდა,” – აღნიშნულია ომბუდსმენის ოფისის გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მოქალაქე რ.ვ.–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას შეეხებოდა. განმცხადებლის ინფორმაციით, მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას წლების განმავლობაში ახორციელებდა მოქალაქე ჯ.ხ., პარტნიორულ ურთიერთობაზე უარის თქმის გამო. ომბუდსმენის ინფორმაციით,  ძალადობრივი ქმედებების ისტორია 2010 წლიდან დღემდე გრძელდებოდა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი რ.ვ.–ს არაერთი მიმართვა ფიქსირდება:

“თუმცა, ყოველი მიმართვის შემდეგ, სამართალდამცავი უწყება რ.ვ–ს მიერ განხორციელებულ თითოეულ მიმართვას განიხილავდა, როგორც ცალკე აღებულ შემთხვევას, ძალადობის სისტემატურ ხასიათს არ ითვალისწინებდა და სახალხო დამცველის მიერ წინადადების გაგზავნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უმსჯელია აღნიშნული ქმედებების ერთობლიობით სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების საჭიროებაზე,” – წერია განცხადებაში.

წინადადების მომზადების პროცესში სახალხო დამცველის აპარატმა ითანამშრომლა არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ და მომზადდა ფსიქოლოგის შეფასება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა რ.ვ.–ის მიმართ წლების მანძილზე განხორციელებული სისტემატიური  ძალადობის კვალი. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის პრაქტიკაში პირველად იქნა გამოყენებული ფსიქოლოგის შეფასება წინადადების წარდგენის ეტაპზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი ნაწილის გამყარებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბებსა და სიმძაფრეზე, ასევე, პრევენციული ღონისძიებების და რისკების ეფექტიანი შეფასების მნიშვნელობაზე:

“ბოლო წლებში მომხდარი ქალთა მკვლელობების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ გენდერული ნიშნით მომხდარი დანაშაულები ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე. უფრო კონკრეტულად კი, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა თუ მკვლელობის მცდელობის 50% ჩადენილია ქმრის მიერ ან ცალმხრივი სიყვარულის გამო, 25% სხვა ოჯახის წევრის მიერ, 25% კი სხვა გარემოებაში, როგორიც არის ყაჩაღობა ან სამეზობლო კონფლიქტი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ეფექტიან და დროულ რეაგირებას, რაც მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი