ახალი ამბებისაზოგადოება

10 ლარად 1 კოლოფი – შეამცირებს თუ არა თამბაქოს გაძვირება მის მოხმარებას?

29 ივლისი, 2016 • 2622
10 ლარად 1 კოლოფი – შეამცირებს თუ არა თამბაქოს გაძვირება მის მოხმარებას?

თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც მთავრობის დადგენილებით 2013 წელს დამტკიცდა, თამბაქოს შემცველ პროდუქციაზე ფასმა 4–ჯერ მოიმატა,  2025 წლიდან კი საქართველოს მწეველ მოსახლეობას ერთი კოლოფი თამბაქოს შეძენისთვის მინიმუმ 10,16 ლარის გადახდა მოუწევს.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მრავალსექტორულმა სამუშო ჯგუფმა შეიმუშავა, 10–წლიან ვადაში, ერთ კოლოფ თამბაქოზე სააქციზო გადასახადმა მთლიანი ფასის 60-70%-ს უნდა მიაღწიოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2025 წელს აქციზის საერთო მოცულობა მინიმუმ 6,10 ლარი უნდა გახდეს, რაც ევროკავშირთან ასოციერების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთანაა თანხვედრაში.

სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა დარგობრივი სახელმწიფო უწყებები ერთიანდებიან. მათ შორის არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის კომიტეტთან, მსოფლიო ბანკთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან:

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ამ დოკუმენტში არის შემოთავაზებული თამბაქოზე გადასახადის ზრდის ოპტიმალური მოდელი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები. ამ დოკუმენტში არის ოთხი სცენარი, შესაბამისად, ეს დოკუმენტი გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს შემდგომში დისკუსიისათვის და ერთ-ერთი სცენარის დასამტკიცებლად,” – ამბობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული.

სამუშაო ჯგუფი ფინანსთა სამინისტროს თამბაქოს ტარიფის კონტროლის ოთხ სცენარს სთავაზობს:

  • აქციზის საერთო გადასახადის ზრდა თანაბარი თანხებით ისე, რომ ევროკავშირის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს 5 წელიწადში (2020 წელს);
  • აქციზის საერთო გადასახადის ზრდა თანაბარი თანხებით ისე, რომ ევროკავშირის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს 10 წელიწადში (2025 წელს);
  • აქციზის საერთო გადასახადის ზრდა ისეთი ტემბით, რომ ევროკავშირის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს 10 წელიწადში (2025 წელს);
  • აქციზის საერთო გადასახადის ზრდა იმგვარად, რომ მოხმარება ყოველწლიურად შემცირდეს 2%-ით (10 წლიანი გეგმა).

დოკუმენტის ავტორები იმედოვნებენ, რომ მსგავსი პოლიტიკა შეამცირებს მოწევის დაწყების რისკს და მოახდენს მოსახლეობის სტიმულირებას თავი დაანებონ ან შეამცირონ მოწევა.

ნინო ბერძულის თქმით, თამბაქოზე ფასის ზრდა გარკვეულწილად მოხმარების შემცირებას გამოიწვევევს და მაგალითად ევროპული გამოცდილება მოჰყავს:

ეს არის ის პოლიტიკა და ის მიმართულება, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია განხორციელებული. ეს გამოიწვევს საბიუჯეტო თანხების უფრო მობილიზაციას და შემდგომში სავარაუდოდ ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდასაც,”- ამბობს ბერძული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმედოვნებენ, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირებით დაიკლებს არაგადამდებ დაავადებათა სტატისტიკაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თამბაქო ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია არაგადამდები დაავადებებით დაავადებისა და სიკვდილიანობის შემთხვევებში. გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის ამსახველი სტატისტიკა, შეამცირა თუ არა წინა წლებში თამბაქოს გაძვირებამ ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა, თუმცა ვარაუდობს, რომ დასახული პოლიტიკა შედეგს გამოიღებს:

თანდათანობით ეს პროცესი მიდის. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მეთოდი. ამასთან, რა თქმა უნდა, სხვა რეგულაციებიც ამოქმედდება თანდათან ქვეყანაში, რომელმაც უნდა შეამციროს  მწეველთა რიცხვი და ეს იქნება საწინდარი მოსახლეობის გაჯანსაღების და იმ დაავადებების შემცირების, რომელსაც თამბაქო იწვევს,” – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 

“ნეტგაზეთი” თამბაქოს მოხმარების კონტროლის პოლიტიკის შესახებ მწეველთა აზრით დაინტერესდა:

წინასწარ რთულია თქმა, მაგრამ ფასის ზრდა მწეველთა რიცხვს აუცილებლად შეამცირებს. ვფიქრობ, სურათი შეიცვლება ყველა შემთხვევაში, მწეველთა რაოდენობა შეიცვლება და ვინც დარჩება მწეველი, ისინიც შეამცირებენ მოხმარებას” – უთხრა გური გოცირიძემ “ნეტგაზეთს”.

“ვიმედოვნებ, მექნება ისეთი ანაზღაურება, რომ მოცემული სავარაუდო ფასი არ მეძვირება. ფასის გაზრდის გარეშეც სიამოვნებით მივატოვებდი მოწევას. არ ვფიქრობ, რომ ზოგადად ფასის ზრდა გამოიწვევს მწეველთა რაოდენობის კლებას. თუმცა, დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომომდინარე თუ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, შეამცირებს” – ამბობს ქეთა კანდელაკი.

დოკუმენტი თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უკვე გაეგზავნა. შეთავაზებული ოთხი სცენარიდან ფინანსთა სამინისტრო ერთს შეარჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი