ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში პოლიციის შენობაზე თავდასხმას პრეზიდენტი 6 დღის თავზე ეხმაურება

22 ივლისი, 2016 • 1542
სომხეთში პოლიციის შენობაზე თავდასხმას პრეზიდენტი 6 დღის თავზე ეხმაურება

ერევანში საპატრულო პოლიციის შენობის ოკუპაციის 6 დღის თავზე პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა პირველი განცხადება გააკეთა. დემონსრანტები ელოდნენ, რომ პრეზიდენტი საჯაროდ მიმართავდა საზოგადოებას, თუმცა ასე არ მოხდა.  მიმდინარე მოვლენებს იგი დღეს, 22 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციის, პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გამოეხმაურა.

სარქსიანის თქმით, არსებული სიტუაციის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს და ამისათვის ყველა აუცილებელი ღონისძიება გატარდეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აუცილებელია არსებული ბრალდებების მიუკერძოებელი და ყოველმხრივი განხილვა. მისივე თქმით, დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

„ამ სიტუაციის წყარო ყველაზე საშიში იდეაა – რომ პრობლემის მოგვარება ძალით და ძალადობითაა შესაძლებელი. ეს იდეა თავის თავში ინახავს ძალიან სერიოზულ შედეგებს, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო და ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს. სომხეთში საკითხები ძალის გამოყენებით, თავდასხმით და მძევლების აყვანით არ გადაწყდება. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. ამ მოვლენების დასრულება უმნიშვნელოვანესი გამოცდაა სახელმწიფოს, სომხეთის და საზოგადოების სიმწიფისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის მეთაურს ყველა დეტალისა და ნიუანსის შესახებ მოახსენეს, რომელიც 2016 წლის 17 ივლისს მოხდა. სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა  აქამდე გატარებული ღონისძიებების შესახებაც მიაწოდეს პრეზიდენტს ინფორმაცია.

17 ივლისის დილას შეიარაღებული ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხა. მათ  მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთანაგ ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი დაჭრილია. ამ დროისთვის მძევლად რჩება  4 პოლიციელი.

„შეიარაღებული ჯგუფის წევრებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნან, გაანთავისუფლონ მძევლები და იარაღი ჩააბარონ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სარქსიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში დღესდღეობით ბევრი უკმაყოფილო მოქალაქეა, არავინ უნდა იფიქროს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ამ მიზეზით სახელმწიფოს საფუძვლს მოშლიან.

„მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომ მისი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლებები მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით და კანონის ფარგლებში გამოხატონ, არ აჰყვნენ იმ პირებს, რომლებიც პრობლემის მოგვარებას პროვოკაციული გზებით მოუწოდებენ. ეს ადამიანთა მსხვერპლის სერიოზულ რისკებს გულისხმობს“,- ამბობს პრეზიდენტი.

სერჟ სარქსიანმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს კანონის ფარგლებში მოქმედების დავალება მისცა, ხოლო მეამბოხეებს იარაღის ჩაბარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

სომხეთში მიმდინარე მოვლენებს დღეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ–პეტროსიანი  გამოეხმაურა, რომელმაც მეამბოხეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი