ახალი ამბებისაზოგადოება

სადახლო – აზერბაიჯანული სოფელი საქართველო-სომხეთის საზღვართან

22 ივლისი, 2016 • 5902
სადახლო – აზერბაიჯანული სოფელი საქართველო-სომხეთის საზღვართან

მარნეულის მუნიციპალიტეტში დაგებულ ამ ახალ, მოასფალტებულ გზას საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე სოფელ სადახლომდე მიჰყავხარ, სადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ისინი ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.

სიკვდილის გზა

ახალი გზა, რომელიც წლების განმავლობაში დანგრეული იყო და მოსახლეობას ბევრ პრობლემას უქმნიდა, აქ მცხოვრებ ხალხს აღარ ახარებს. სადახლოში ამბობენ, რომ ამ გზით მათთან სიკვდილი უფრო ახლოს მივიდა. მაგისტრალურ გზაზე, სადაც მანქანები დიდი სიჩქარით დადიან,  ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარი არ არის გამოყოფილი, რაც სოფელში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი გახდა.

სადახლოში გზას არ აქვს ტროტუარები, რის გამოც ხშირია ავარიები. ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

სადახლოში გზას არ აქვს ტროტუარები, რის გამოც ხშირია ავარიები. ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

სადახლოში მცხოვრები აიგუნ ალიევა ამბობს, რომ მისი 13 წლის შვილი, მაგამედი, 4 წლის წინ სკოლაში წასვლისას მათსავე სახლის ჭიშკართან ავარიაში მოჰყვა: “მაგამედი სკოლაში მიდიოდა. სახლიდან ხუთი წუთის გასულიც არ იქნებოდა, რომ ჭიშკართან  მანქანა დაეჯახა. მანქანა ძალიან სწრაფად მოდიოდა. ბავშვი მძიმედ დაშავდა. ავარიის შემდეგ ის პარალიზებულია.”

“ამ გზის გაკეთების  შემდეგ სახლიდან გასვლის წინ  ვლოცულობთ – სიკვდილი აქ შეიძლება ნებისმიერ წამს გვეწვიოს. ამ გზაზე მანქანები მინიმუმ 140 კმ/სთ სიჩქარით დადიან,” – აღნიშნავს ჯაფარ მამედოვი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფელში საგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან  4 ქალი იყო, რომლებიც ავარიაში იმ დროს მოჰყვნენ, როცა სახლისთვის წყალი მიჰქონდათ.  

“ამ გზაზე წყლის მოტანისას ბევრ ადამიანს დაეჯახა მანქანა”

სადახლოში, სადაც 2000 კომლი ცხოვრობს, წლებია მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს. მამაპაპური მეთოდით გათხრილი წყლის ჭები დროთა განმავლობაში დაშრა.   

ერთი წლის წინ სადახლოდან თბილისისკენ მიმავალი მაგისტრალური გზის მარჯვენა მხარეს სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. სამუშაო ჯერ დასრულებული არ არის. თუმცა წყალი 100-მდე ოჯახში  უკვე შევიდა. გზის მარცხენა მხარეს კი ბურღვითი სამუშაოები ჯერ არც დაწყებულა.

ნისა ალიევა წყალს ბიდონებით ეზიდება. ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

ნისა ალიევა წყალს ბიდონებით ეზიდება. ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

ნისა ალიევა, რომელსაც  ორბორბლიან ეტლზე  დალაგებული ბიდონებით სახლში წყალი მიაქვს, ამბობს: “სახლში 10 ადამიანისთვის საჭირო წყალი უნდა მივიტანო. დღეში სულ მცირე 5 ბიდონი მიმაქვს.  ამ გზაზე წყლის მოტანისას ბევრ ადამიანს დაეჯახა მანქანა. იძულებული ვარ, სიცოცხლე რისკის ქვეშ ყოველდღე დავაყენო.”

დრო, რომელიც ნარდის თამაშში გადის 

სადახლოს ყველა ქუჩიდან დომინოსა და ნარდის თამაშის ხმა ისმის. უმუშევარ ახალგაზრდებს და  მოხუცებს თავისუფალი დრო ასე, თამაშ-თამაშში გაჰყავთ.

“წლების განმავლობაში ოჯახს აქედან აზერბაიჯანში წაღებული სეზონური ბოსტნეულის  გაყიდვით ვარჩენდი. ზამთარში უფრო მეტად მანდარინს, ფორთოხალსა და კარტოფილს ვყიდდი. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია აზერბაიჯანის საზღვარზე პრობლემებს ვხვდებით. გაზრდილ გადასახადებთან ერთად ქრთამის გადახდაც გვიწევდა.  ვაჭრობამ აზრი დაკარგა და ახლა უსაქმოდ ვარ. ადრე სომხეთში დავდიოდით, მაგრამ ახლა ქართველ აზერბაიჯანელებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას აღარ აძლევენ. როცა პასპორტში აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ბეჭედს ხედავენ, იწყებენ გამოკითხვას და რომ ხვდებიან, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები ვართ, უკან გვაბრუნებენ,” – ამბობს 41 წლის მაგამედ მაგამედოვი.

სადახლოში ყველა ქუჩიდან ნარდის და დომინოს თამაშის ხმა ისმის. ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

სადახლოში ყველა ქუჩიდან ნარდის და დომინოს თამაშის ხმა ისმის. ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

49 წლის თოფიგ აბდულოვს 0,04 ჰა მიწის ნაკვეთი აქვს, რომელსაც უწყლობის გამო ვერ ამუშავებს: “მიწა რომ დავამუშავოთ, სარწყავი წყალი უნდა გვქონდეს. ჩვენ კიდევ სასმელი წყალი არა გვაქვს, სარწყავი კი არა! ვთქვათ და  მიწა დავამუშავეთ, პროდუქტი სად უნდა გავყიდოთ? სომხეთში ვერ გადაგვაქვს, ვერც აზერბაიჯანში. თბილისში რომ წავიდეთ, დიდი მანძილის გამო გზაში ბევრი ფული გვეხარჯება. მარნეულის სხვა სოფლებიდან, რომლებიც  თბილისთან უფრო ახლოს არის, პროდუქტები  უფრო ხელმისაწვდომ ფასად მიაქვთ და ჩვენს პროდუქტს აღარ ყიდულობენ. დაუმუშავებელი მიწები ბუჩქნარით დაიფარა. ეზოში ჩვენთვის პომიდორი და მწვანილი მოგვყავს, ეგ არის და ეგ!”

“ნაადრევად გათხოვებას სჯობს, რომ შვილს განათლება მიაღებინო”

 

გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებში ტრადიციაა, მაგრამ არა სადახლოში.

სევილი, რომელიც მე-11 კლასში სწავლობს, ამბობს, რომ უნივერსიტეტისთვის ემზადება და მის კლასელებს შორის დანიშნული ან გათხოვილი არავინ არის: “დედაჩემი 21 წლის გათხოვდა. ადრე თხოვდებოდნენ ადრეულ ასაკში, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. 25 წლის დეიდაშვილი მყავს, მაგრამ ჯერ გათხოვებაზე არ ფიქრობს. ყველას უნდა, რომ ისწავლოს და  კარიერა ჰქონდეს”.

“სხვა სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანელები ჩვენი სოფლის გოგოებზე ამბობენ, რომ შინაბერები არიან. ჩვენს სოფელში თუ ვინმე  გოგოს 19 წლის ასაკამდე ათხოვებს, უხუცესები მასთან მიდიან და ცდილობენ გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. ნაადრევად გათხოვებას სჯობს, რომ შვილს განათლება მიაღებინო. ჩვენ უპირატესობას განათლებას ვანიჭებთ,” – ამბობს 36 წლის არიფ მამედოვი.

სკოლის მოსწავლეები სადახლოში, ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

სკოლის მოსწავლეები სადახლოში, ფოტო: გულნურ ქაზიმოვა


სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  და ნეტგაზეთი პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი