ახალი ამბები

გვარამია უზენაეს სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

13 ივლისი, 2016 • 1248
გვარამია უზენაეს სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს, რომ მიიღოს წარმოებაში რუსთავი 2-ის სარჩელი და ასევე, დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის მიერ გასაჩივრებულ მუხლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადებას.

ეს განცხადება გვარამიამ დღეს, 13 ივლისს, რუსთავი 2-ის თანამშრომლებთან ერთად გააკეთა.

ასევე, გვარამიამ მოუწოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, “რომელიც შეესაბამება კანონს და კონსტიტუციას და მიიღეთ ეს გადაწყვეტილება რელევანტურ ვადებში”.

გვარამიას განცხადებით, საკასაციო სასამართლოში მათ მიერ გუშინ შეტანილი სარჩელი აკმაყოფილებს დასაშვებობის ოთხივე კრიტეტიუმს, ვინაიდან ეხება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ დავას, ეს საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვროვანი სასამართლო პრაქტიკისთვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენასი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და ასევე, საპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.

10 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავდა რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანიის წილის 51%-ის მფლობელი კომპანია ტვ “საქართველოს” მესაკუთრეების, ძმებ ყარამანიშვილების საჩივარს, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს. ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი