საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს, 23 ივნისს, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებულების შესახებ ისაუბრეს.
იურიდიულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის საბაბი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება გახდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრისაგან მიიღო დეტალური ინფორმაცია, როგორ არის დაცული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით არსებობს მაღალი ინტერესი.
„პრეზიდენტმა სწორედ ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ უშუალოდ მინისტრისაგან მიეღო ინფორმაცია სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების შესახებ. პრეზიდენტმა მინისტრისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.