ახალი ამბები

პრემიერის მიმართვა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთელ საზოგადოებას

20 ივნისი, 2016 • 1367
პრემიერის მიმართვა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთელ საზოგადოებას

საქართველოში საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაიწყებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთელ საზოგადოებას მიმართავს. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ ყველას, უმოკლეს დროში მივიღოთ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რომელსაც, იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება. ცნობილია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უკვე იხილავს ამ საკითხს, რაც უდავოდ მისასალმებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ განცხადების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე შედგეს საზოგადოების ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი, რომ არ იქნება გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება; ასევე, უზრუნველყოფილი იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა.


მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ დაუშვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა, მინდა მივმართო ჩვენს მომხრეებს:


ჩვენი ხელისუფლების მთავარი სიძლიერე და უპირატესობა სწორედ მის დამოკიდებულებაშია ოპონენტების და განსხვავებული აზრის მიმართ. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს მიდგომა და არავის მივცეთ საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვჭირდება – რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა!


განსაკუთრებით მივმართავ პოლიციას! ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს და ყველგან, სადაც დაპირისპირების რისკი მაღალია, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება. სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის შეუფერხებლად წარმართვა.


უკვე დაწყებულია რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრები. ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს თანაბარ, მშვიდ და კონსტრუქციულ წინასაარჩევნო გარემოს”, – აცხადებს პრემიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი