ახალი ამბები

პერფორმანსი პარლამენტთან – მოპატიჟება სახრჩობელაზე [video]

17 ივნისი, 2016 • 1386
პერფორმანსი პარლამენტთან – მოპატიჟება სახრჩობელაზე [video]

თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობასთან ლოლიტა ლარსიმ პერფორმანსი გამართა სახელწოდებით –  მოპატიჟება სახრჩობელაზე.

პერფორმანსის ავტორი განმარტავს, რომ პერფორმანსი იმ ადამიანებთან არის დაკავშირებული, რომლებიც არსებულ ნარკოპოლიტიკას შეეწირნენ:

“დღეს ერთი წელი გავიდა ლევან აბზიანიძის მკვლელობიდან. მას ქუთაისში ნარკოლოგიური შემოწმებისას დაალევინეს  შარდმდენი აბები. ასევე დაახლოებით ორი თვის წინ კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა ნარკოპოლიტიკამ. ის მეტადონის პროგრამაში იყო და უნდა მიეღო ნარკოტიკი, რადგან სხვანაირად ვერ გადარჩებოდა. წინასწარი დაკავების იზოლატორში ნარკოტიკის მიუღებლობით მოკვდა.”

მისივე თქმით,  პერფორმანსი  სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის საილუსტრაციოდ გააკეთა:

“თოჯინები იმის საჩვენებლად ჩამოვახრჩე, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო ადამიანებს. ხშირად მიჭირს დაჯერება, რომ ასეთი ნარკოპოლიტიკა ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოში არსებობდეს. ბევრმა განვითარებულმა გაიარა ეს გზა და მიხვდნენ, რომ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკით ვერაფერს შეცვლიან. საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნარკოპოლიტიკა გვაქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ”

დღეს, 17 ივნისს თბილისსა და ქუთაისში აქციები გაიმართება. პრაქსისის სახელოსნოს ორგანიზებით, ქუთაისში აქცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თეთრ სვეტებთან გაიმართება, ხოლო  “თეთრი ხმაურის მოძრაობა” საღამოს 8 საათზე თბილისში, რუსთაველის მეტროსთან იწყებს შეკრებას, საიდანაც საქართველოს პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობასთან გადაინაცვლებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი