ახალი ამბები

გამოძიებიდან ერთი წლის შემდეგაც უცნობია ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი

15 ივნისი, 2016 • 2753
გამოძიებიდან ერთი წლის შემდეგაც უცნობია ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი

ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, თუ ვინ/რამ მოკლა ლევან აბზიანიძე.

2015 წლის 17 ივნისს ქუთაისში 56 წლის ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა.  ოჯახის წევრების განცხადებით,  გარდაცვალების მიზეზი შარდმდენი აბები გახდა, რომელიც მას ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დაალევინეს პოლიციის გამყოფილებაში. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ექსპერტიზის პირველადი მონაცემების თანახმად, ორგანიზმში  შარდმდენი აბების კვალის არსებობა დასტურდება, თუმცა 1 წლისთავზე კვლავ არ არსებობს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დადგინდებოდა, თუ რამ გამოიწვია ლევან აბზიანიძის სიკვდილი.  

“ორი დღის წინ ველაპარაკე პროკურატურას და ჯერ კიდევ არ არის პასუხი. ეს კომპლექსური ექსპერტიზაა და პასუხისთვის ერთწლიან ვადას უთითებენ საერთოდ, მაგრამ ეს ერთწლიანი ვადაც პირობითია. ამ ექსპერტიზას ვადა არ აქვს,” – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი.

საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. ლევან აბზიანიძის შვილის, ლაშას თქმით, თუ საქმე არ გადაკვალიფიცირდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან, ოჯახი სარჩელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს:

“საგამოძიებო ორგანო ბოლოს რამდენიმე თვის წინ შეგვეხმიანა. ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის დასვკნას. ჩვენ გვითხრეს, რომ 365 დღე იყო ვადა. თუ ეს პასუხი არ იქნება, შესაბამის ზომებს მივიღებთ.  სტრასბურგისთვის ვამზადებთ  სარჩელს,”- ამბობს ლაშა აბზიანიძე.

17 ივნისს თბილისსა და ქუთაისში აქციები გაიმართება. პრაქსისის სახელოსნოს ორგანიზებით ქუთაისში აქცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თეთრ სვეტებთან გაიმართება, ხოლო  “თეთრი ხმაურის მოძრაობა” საღამოს 8 საათზე თბილისში, რუსთაველის მეტროსთან იწყებს შეკრებას, საიდანაც საქართველოს პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობასთან გადაინაცვლებენ.  მოძრაობის წევრები მოითხოვენ – ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის უპირობო დეკრიმინალიზაციას, პირადი მოხმარების მიზნით ნივთიერებათა ოდენობების ადეკვატურად განსაზღვრას,  ადამიანის ღირსების შემლახავი ურინოტესტირების პრაქტიკის შეწყვეტას,  ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის არსებული  ჯარიმების გაუქმებას და  წამალდამოკიდებული პირებისთვის მკურნალობა-რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების სერვისების დანერგვასა და საჭირო ფინანსების გამოყოფას.

მოძრაობის  წევრი, ბექა წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ ლევან აბზიანიძის შემთხვევამ მოქმედი ნარკოპოლიტიკა გააშიშვლა და აჩვენა, რომ ის [ნარკოპოლიტიკა] მოქალაქეების ჩაგვრაზეა ორიენტირებული:

“17 ივნისი იყო დღე, როცა ნარკოპოლიტიკამ თავისი სახე სრულად დაგვანახა. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა არის დამნაშავე პოლიციელების დასჯა”.

ბექა წიქარიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლების პრაქტიკას აგრძელებს და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკას ადამიანების მასობრივი მარგინალიზაციისთვის, ასევე, მათი საზოგადოებრივი და სოციალური სივრციდან გარიყვისთვის იყენებს:

“ფაქტია, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის ჩაგვრის ბერკეტი სახელმწიფოს ხელში, რომელსაც ნებისმიერ დროს იქით მიმართავს, სადაც უნდა. როგორც წესი, სახელმწიფო ამ ბერკეტს  დაუცველი პირებისკენ მიმართავს. პოლიტიკურ ელიტას თუ მათთან დაახლოებულ პირებს ნაკლებად ეხებათ ნარკოპოლიტიკის ეს სიმძიმეები,”- ამბობს წიქარიშვილი.

უცნობია, როდის მოამზადებს საბოლოო დასკვნას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.  ბიუროს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რომ დანიშნულია კომისიური ექსპერტიზა. ამ ექსპერტიზისთვის კონკრეტული ვადა დაწესებული არ არის:

“ცხედრის გამოკვლევის ექსპერტიზა ჩატარებული არის და მასალები დამნიშნავთან არის გაგზავნილი. შესაბამისად, დანიშნულია კომპლექსური კომისიური ექსსპერტიზა. ჯგუფი შედგება სხვადასხვა სპეციალობის  მოწვეული ექსპერტებისგან, საუბარია სხვადასხვა ორგანოს ექიმებზე. კომისიურ ექსპერტიზას ვადები არ გააჩნია. ამჟამად ყველა მასალა გამოსაკვლევად არის გადაგზავნილი ამ კომისიის წევრებთან და როდის იქნება პასუხი, ამაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს,”- განაცხადა სოფო დვალიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი