ახალი ამბები

პარიზში შრომის შესახებ კანონში ცვლილების წინააღმდეგ დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა

15 ივნისი, 2016 • 1610
პარიზში შრომის შესახებ კანონში ცვლილების წინააღმდეგ დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა

14 ივნისს პარიზში გამართული დემონსტრაციების შედეგად მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა, 58 კი დაკავებულია. საფრანგეთში შრომის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ.

“ბიბისის” ცნობით, პარიზში მინიმუმ 75 000 დემონსტრანტი შეიკრიბა მთელი საფრანგეთიდან. ისინი აპროტესტებდნენ დაგეგმილ ცვლილებებს შრომის შესახებ კანონში, რაც გაამარტივებს თანამშრომელთა დათხოვნის/აყვანის წესებს და შეცვლის სამუშაო საათების მინიმუმს.

პოლიციის თქმით, პარიზში დაპირისპირებებში “ასობით ნიღბიანი” იყო ჩართული, რომლებიც ქვაფენილის ბლოკებს ისროდნენ, წვავდნენ სანაგვე ყუთებს და მაღაზიების ფანჯრებს ამსხვრევდნენ. პოლიციამ დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით უპასუხა.

საპროტესტო დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებმა და სხვადასხვა გაერთიანებებმა დაგეგმეს. ფრანგული “შრომის გენერალური კონფედერაციის” (CGT) თქმით, დემონსტრაციაში 1.3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა, “ბიბისის” ცნობით, დაზუსტებული რიცხვი გაცილებით ნაკლები – 125 000-ია.

თანამშრომლების გაფიცვის გამო ეიფელის კოშკი დაიხურა. პარიზში ასევე გაიფიცნენ რკინიგზის თანამშრომლები და ტაქსის მძღოლები.

დემონსტრაციები რეფორმის წინააღმდეგ 2016 წლის 9 მარტს დაიწყო და მასობრივ დემონსტრაციაში გადაიზარდა. 14.06.2016. ფოტო: EPA/იან ლანგსდონი

დემონსტრაციები რეფორმის წინააღმდეგ 2016 წლის 9 მარტს დაიწყო და მასობრივ დემონსტრაციაში გადაიზარდა. 14.06.2016. ფოტო: EPA/იან ლანგსდონი

ფრანგული “შრომის გენერალური კონფედერაციისა” და უფრო მცირე კონფედერაცია “მუშათა ძალის” (Force Ouvriere) თქმით, რეფორმა შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტებს შეამცირებს. კანონპროექტი დადებითად შეაფასა ნაციონალურმა ასამბლეამ და ახლა მას სენატი განიხილავს. კანონპროექტის ძირითადი პუნქტები, “ბიბისის” მიხედვით, შემდეგში მდგომარეობს:

  • 35-საათიანი სამუშაო კვირა ძალაში დარჩება, თუმცა, როგორც საშუალო მაჩვენებელი. ფირმებს (დამსაქმებლებს) კი შეეძლებათ, მოლაპარაკება გამართონ ადგილობრივ პროფკავშირებთან და გაზარდონ ან შეამცირონ კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა (კვირაში მაქსიმუმ 46 საათამდე).
  • კანონი გაამარტივებს დასაქმებულთა გათავისუფლების პროცედურას, ეს კი, “ბიბისის” ცნობით, საფრანგეთში მკაცრად არის რეგულირებული.
  • დამსაქმებლებს მიენიჭებათ მეტი თავისუფლება, დასაქმებულებთან ინდივიდუალურად  განიხილონ დასვენებების (დღესასწაულები, განსაკუთრებული შემთხვევები – დეკრეტული შვებულება, ქორწინება, ა.შ) საკითხი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარდ კაზნოვმა თქვა, რომ “ვეღარ მოითმენდა პოლიციის წინააღმდეგ თავდასხმებს. მან მოუწოდა პროტესტის მონაწილეებს, ეპოვათ საკუთარ თავში “მცირეოდენი ჰუმანურობა, ტოლერანტობა და პატივისცემა”.

დემონსტრაციები რეფორმის წინააღმდეგ 2016 წლის 9 მარტს დაიწყო და მასობრივი ხასიათი მიიღო. “ბიბისის” ცნობით, 31 მარტს საფრანგეთის მასშტაბით 400 000-მდე ადამიანი შეუერთდა დემონსტრაციებს.

საფრანგეთში ამჟამად ევორპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიც მიმდინარეობს. “ტელეგრაფის” ინფორმაციით, ამის გამო ფრანგულმა პოლიციამ არეულობის გამოწვევაში აქამდე შემჩნეულ 130 ადამიანს დემონსტრაციებში მონაწილეობა აუკრძალა.

“როიტერსის” ცნობით, ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა ხელისუფლებამ თქვა, რომ არ აპირებს შრომის რეფორმის გაუქმებას. ხელისუფლებამ კანონპროექტი წარმატებით გაიტანა პარლამენტის ქვედა პალატაში (ნაციონალურმა ასამბლეაში) და აპირებს, კანონად ივლისში აქციოს.

 

პროტესტის მონაწილე პარიზში დემონსტრაციებისას ცდილობს, წყლის ჭავლს თავი აარიდოს. 14.06.2016. ფოტო: EPA/იან ლანგსდონი

პროტესტის მონაწილე პარიზში დემონსტრაციებისას ცდილობს, წყლის ჭავლს თავი აარიდოს. 14.06.2016. ფოტო: EPA/იან ლანგსდონი

მასალების გადაბეჭდვის წესი