მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თვითაცილებაზე უარს აცხადებს

მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის წევრია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თვითაცილებაზე უარს აცხადებს.

გუჯაბიძემ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ორი დღის წინ გაავრცელა. გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე გუჯაბიძემ ჩაიდინა სავარაუდო თაღლითობა, რადგან მისთვის ბინის ქირის თანხას იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტი მაშინ, როცა ის რეალურად ცხოვრობდა სახლში, რომელიც არის დედამისის სახელზე.

ნათია გუჯაბიძემ სიცრუე და ინსინუაციები უწოდა გვარამიას მიერ გახმიანებულ ბრალდებებს და თქვა, რომ არც პროკურატურაში და არც იუსტიციის საბჭოში მის მიმართ არანაირი დევნა არ ყოფილა არც სამართლებრივი და არც დისციპლინარული. მოსამართლემ თქვა, რომ ეს ბრალდებები მიმართულია როგორც მისი, ასევე სასამართლოს წინააღმდეგ გავლენის მოხდენის თვალსაზრისით.

“ეს ბრალდებები ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს. გადაწყვეტილებას, ანუ საბოლოო გადაწყვეტილებას არა ემოციებით, არამედ იმით მივიღებ, რასაც კანონი და სამართალი მიკარნახებს”, – განაცხადა გუჯაბიძემ.

დღევანდელ სხდომას არ ესწრება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიამ.

დღევანდელი პროცესიდან მოსამართლემ გააძევა მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი, რასაც პროტესტი მოჰყვა დარბაზის მხრიდან და სხდომა დამსწრეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თქმით, მან გაიგონა, თუ როგორ თქვა თამარ კინწურაშვილმა – “სამარცხვინო” და ამაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა. კინწურაშვილის განმარტებით, პროცესის მონაწილე მხარეს არ ეძლევა პოზიციის დაფიქსირების უფლება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს საჩივარს, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

“რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია – ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით.

დღევანდელი სხდომის დაწყებამდე რუსთავი 2-ის ადოკატებმა განაცხადეს, რომ ელიან, მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თვითონ აიცილებს მათ საქმეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო უკვე დაასრულა ტვ “საქართველოს” მფლობელების, ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატების ახსნა-განმარტების მოსმენა. დღეს თავისი სიტყვა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ უნდა თქვას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com