ახალი ამბები

“ქართული ოცნების” პრეზენტაციას ათასობით ადამიანი ესწრება[განახლებადი]

11 დეკემბერი, 2011 • • 1462
“ქართული ოცნების” პრეზენტაციას ათასობით ადამიანი ესწრება[განახლებადი]

დღეს, 11 დეკემბერს, თბილისში, ფილარმონიაში “ქართული ოცნების” პრეზენტაცია დათქმულ დროს, 15:00 საათზე დაიწყო. ფილარმონიასთან მისული ათასობით ადამიანიდან შენობაში შესვლა მხოლოდ ნაწილმა შეძლო. საკონცერტო დარბაზის ყველა შესასვლელი დაცვის სამსახურმა  ხალხის მოზღვავებული რაოდენობის გამო მალევე ჩაკეტა.

15:00 – ამ წუთებში მთლიანად სავსეა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი. ვინც დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა, ისინი “ქართული ოცნების” პრეზენტაციას თვალყურს ფოიეში დამონტაჟებული მონიტორიდან ადევნებენ. ფილარმონიაში იმყოფება ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად. პრეზენტაციას, ასევე, ესწრებიან ქართველი მსახიობები, მომღერლები და საზოგადო მოღვაწეები. მათ შორის არის ფეხბურთელი კახი კალაძე მეგობართან, უკრაინელ ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად.

“ქართული ოცნების” პრეზენტაცია ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერამ, თავისი სიმღერით გახსნა. მისი გამოსვლის შემდეგ საზოგადოებას მიმართა რატი ამაღლობელმა. ამ წუთებში ფილარმონიის სცენაზე საუბრობს მწერალი ნაირა გელაშილი. მწერალი საუბრობს ეკოლოგიის დაცვის აუცილებლობასა და ქვეყნის გადარჩენაზე. დარბაზიდან ისმის უკმაყოფილო ადამიანების შეძახილები. ისინი მისი გამოსვლის დროულად დასრულებას ითხოვენ.

15:55 – ნაირა გელაშილისა და ადვოკატ მანანა კობახიძის შემდეგ სცენა დაიკავა ფეხბურთელმა კახი კალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრებიდან მიდის. მისი თქმით, ეს “მტკივნეული გადაწყვეტილებაა”. კალაძემ ახალგაზრდობას მოუწოდა, კონსტიტუციური გზებით აიხდინონ “ქართული ოცნება.” მანვე მხარდაჭერა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს.

16:40 – ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფილარმონიაში ბერას ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, რასაც მომღერლის ფანების ემოციური შეძახილები მოჰყვა. “ქართული ოცნების” პრეზენტაცია ფილარმონიაში ამით დასრულდა.

“ნეტგაზეთი” გადაღებულ ფოტო–ვიდეო მასალას რამდენიმე წუთში მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი