ახალი ამბები

პაატა ბახტურიძის თქმით, აუდიტორია 115 პროვოკაციის მოწყობას ცდილობს

24 მაისი, 2016 • 1893
პაატა ბახტურიძის თქმით, აუდიტორია 115 პროვოკაციის მოწყობას ცდილობს

თვითმმარველობის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი პაატა ბახტურიძე “ნეტგაზეთთან” აუდიტორია 115-ის წევრის, ცოტნე ცხვედიანის შესაძლო ცემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცხვედიანმა დაპირისპირება თავად გამოიწვია.

ბახტურიძე ცხვედიანთან დაკავშირებული ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილეა. მან შემთხვევა შემდეგნაირად გაიხსენა:

“ცოტნე ცხვედიანი ლიფტთან შეგვხვდა და აგრესიით გამოირჩეოდა. ლიფტისკენ მივდიოდი და არ მიმიქცევია ყურადღება, რომ გამოიარა, უცბად მოტრიალდა, გვერდიდან რაღაც მითხრა, არ ვიცი, და დასარტყმელად გამოიწია. ჩანს ეს კადრებში, როგორც მითხრეს. ინიცირება მისგან იყო. იქ შეიქმნა ქაოსი, რა თქმა უნდა, ზოგი 115-ელები მოცვივდნენ, ზოგი თვითმმართველობის წევრი, ზოგი დაცვის წევრი, ლექტორები.

დაპირისპირება იყო, გაწევ-გამოწევა, თვითონ ცოტნემ რომ გამოიწია, ეგ იყო ერთი დასაწყისი, მერე სხვამაც გაიწია. მე ჩახუტებული მყავდა ცოტნე და ვეფარებოდი, ყველანაირად ვცდილობდი, იქ რაღაც არ მომხდარიყო. დაცვაც აწყნარებდა, რომ ხომ ხედავ, არ გირტყამენ, გაჩერდი, მაგრამ იგინებოდა და არ ჩერდებოდა. შემდეგ სხვა 115-ელებიც შემოუერთდნენ, იმათაც გინება ატეხეს და იყო ერთი ამბავი,”- განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილიდან აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები თვითმმართველობის წევრების შეურაცხმყოფელ პოსტებს წერენ “ფეისბუკზე” და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.

“ავრცელებენ შეურაცხმყოფელ პოსტებს, გინებას და ასე შემდეგ, პოსტებზე გვნიშნავენ და არის ერთი ამბავი, დღეს დილიდან არის ეს მობილიზება. სოცოალური ქსელის გარდა პირველ კორპუსში რამდენჯერმე შეგვხვდა ადამიანი 115-იდან და კიდევ უცნობი პირები, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ,”- ამბობს ის.

ბახტურიძე ამბობს, რომ აუდიტორია 115 ცდილობს, წამებულის იმიჯი მოირგოს.

რაც შეეხება აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს, ისინი მომხდარის სრულიად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ. კერძოდ, ნათია ქარჩილაძის თქმით, ცხვედიანი თსუ-ს პირველ კორპუსში მიდიოდა, როდესაც დაუძახა თვითმმართველობის რამდენიმე წევრმა. ქარჩილაძე ამბობს, რომ ცხვედიანს ფიზიკურად შეეხნენ, რის შემდეგაც ცხვედიანთან თვითმმართველობის სხვა წევრებიც მივიდნენ. ნათია ქარჩილაძე ამბობს, რომ მათი რაოდენობა დაახლოებით 20-მდე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში საპატრულო პოლიცია შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა და ადგილზე ინციდენტი არ დახვედრიათ. საპატრულო პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, შეტყობინება გადასცეს კრიმინალური პოლიციას და საკითხს სწორედ ისინი შეისწავლიან. ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება დაწყებული არ არის. “ნეტგაზეთთან” საუბრისას პაატა ბახტურიძემაც განაცხადა, რომ იგი არ დაუკითხავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი