ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შერიგების სამინისტრო: მკვლელობა ხურჩაში სერიოზული გამოწვევაა სამშვიდობო პოლიტიკისთვის

20 მაისი, 2016 • 2183
შერიგების სამინისტრო: მკვლელობა ხურჩაში სერიოზული გამოწვევაა სამშვიდობო პოლიტიკისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

“მომხდარი სერიოზული გამოწვევაა იმ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს, რომელსაც აქვს სერიოზული შედეგი ქართულ-აფხაზური საზოგადოებას შორის ურთიერთობების აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის მდგრადობის პროცესზე. მსგავსი ტიპის შეთხვევები ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი ყველა მხარის მიერ. ვიტოვებთ იმედს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტური მმართველობის განმახორციელებელ ძალებს ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე ექნებათ სერიოზული რეაგირება, რომ სამომავლოდ აღმოიფხვრას მსგავსი ფაქტების განმეორება, რომელიც ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პოლიტიკას არყევს”, – წერია განცხადებაში.

ქართულმა მხარემ შემთხვევის შესახებ უკვე აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს.

“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 19 მაისს მომხდარ მკვლელობას სათანადო შეფასება მიეცეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და დამნაშავეები დაისაჯონ. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას”.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს”, – წერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დღევანდელ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით თბილისის პოზიციას განცხადებით გამოეხმაურა მოსკოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი