კომენტარი

მზად ვარ, არ დავრეგისტრირდე, პირდაპირ წავიდე ციხეში — ზაქარეიშვილი რუსულ კანონზე

4 მარტი, 2023 • 1228
მზად ვარ, არ დავრეგისტრირდე, პირდაპირ წავიდე ციხეში — ზაქარეიშვილი რუსულ კანონზე

საკანონმდებლო შეტევა დემოკრატიაზე და არათუ პირველი ნიშანი, არამედ, პირველი ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობის დასამყარებლად — ასე აფასებს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონს შერიგების ყოფილი მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

“ტვ პირველის” ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან, ვინაიდან სამოქალაქო სექტორი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისედაც გამჭვირვალეა.

“როგორც წესი, კვაზი დემოკრატიის, ჰიბრიდული დემოკრატიის სახელმწიფოები დიდ ხანს ცდილობენ, გაწელონ დრო, ვიდრე აქვთ რესურსები ვითომ დემოკრატიისა — არჩევნებში გამარჯვების, საპარლამენტო ცხოვრების და ა.შ. და როცა ამოეწურებათ ყველა რესურსი, მერე გადადიან უკვე ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელ ნაბიჯებზე.

ეს [კანონპროექტია] სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული პირველი მკაფიო ნაბიჯი, რათა მოსპონ პროდასავლური ღირებულებების მატარებელი ძალები, დასავლეთის იდეები გააცამტვერონ და მოახდინონ მათი დისკრედიტაცია.

…სამოქალაქო სექტორი უაღრესად გამჭვირვალეა. მათი ნებისმიერი თეთრი თუ ლარი კარგად ითვლება რამდენიმე ადგილზე — დონორების დონეზე, სახელმწიფო დონეზე… ყველა დონეზე. თუ ვინმეს სჭირდება გამჭვირვალობა, [ესენი არიან], იგივე, პარლამენტი და მთავრობა: როგორ იყენებენ მანქანებს, ხელფასს, ბიზნესს როგორ “კრიშავენ”…

ამის შემდეგ უკვე საჭირო იქნება, სამოქალაქო სექტორმა არათუ მოსთხოვოს, არამედ, მოიპოვოს ინფორმაცია, რამდენად არაგამჭვირვალეა ფინანსურად ყოველი დეპუტატი, რომელიც დღეს “ქართულ ოცნებაშია”; რამდენი შავი ფული ტრიალებს, რამდენი მკვდარი სულია[რომელიც ხელფასს იღებს და არაფერს აკეთებს] მთავრობაში , სხვადასხვა სამინისტროში, სხვადასხვა სსიპ-ებში… მთელი არმიაა ასეთი ადამიანებისა”, — დასძენს ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ორი მთავარი მიზანი აქვს:

“ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ მივიღოთ კანდიდატობის სტატუსი. მათთვის ამოცანაა, დასავლეთი იყოს დამცირებული, შეურაცხყოფილი, არამხოლოდ ელჩების დონეზე, არამედ, ღირებულებების დონეზე.

და მეორე ამოცანაა, გაანადგურონ საშუალო ფენა, დამოუკიდებელი ფენა. მათ უკვე მოსპეს პოლიტიკაში საშუალო ფენა, აიღეს კონტროლი საშუალო ბიზნესზე. მათ ახლა სჭირდებათ დამოუკიდებელი ხალხის განადგურება, რომელთაც შემოსავალი აქვთ მათგან დამოუკიდებლად და შეუძლიათ, სიმართლე ილაპარაკონ”.

ზაქარეიშვილის სიტყვებით, “თუ ჩვენ მართლა ჩამოვყალიბდით, როგორც ნაცია, თუ ჩვენ მართლა ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპებზე, ახლა არის მშვენიერი დრო, რომ გამოვავლინოთ ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში”.

“არ შეიძლება ამის პატიება. არ შეიძლება, მოვიცადოთ 10 წელი. მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გზაა დაუმორჩილებლობისა”.

“მაგალითად, მე პირადად მზად ვარ, არ გავიარო რეგისტრაცია, არ გადავიხადო გადასახადები, პირდაპირ წავიდე ციხეში. თუ იქნება წინასწარ ცნობილი სია, ვინ ვართ მზად, წავიდეთ ციხეში, ეს დაუმორჩილებლობის სერიოზული სამოქალაქო აქტი იქნება.

პროსახელისუფლებო არასამთავრობოები, ე.წ. GONGO-ები, რა თქმა უნდა, გაივლიან რეგისტრაციას, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა არ გაივლის ამას.

ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება არ არის მარტო ის, რაც ჩანს: რეგიონებში, ყველგან, სამედიცინო სფეროში, ბუნების დაცვაში, ცხოველების დაცვაში… უნდა გამოცხადდეს, მაგალითად, 1-თვიანი გაფიცვა, არაფერი არ გაკეთდეს. რეგიონებში საზოგადოებას ჰგონია, რომ სამოქალაქო საზოგადოება მართლა მხოლოდ ფულს აკეთებს. გამოცხადდეს 1-თვიანი გაფიცვა და მიხვდეს ყველა, რა ძალა აქვს, რას აკეთებს ეს სეგმენტი”, — დასძენს ის.

ზაქარეიშვილის სიტყვებით, კანონპროექტისადმი პროტესტი, რომელიც გასულ დღეებში პარლამენტსა და მის გარეთ გამოხატეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობოების წარმომადგენლებმა და სხვა მოქალაქეებმა, უნდა იყოს, თუმცა “[პროცესი] ამით არ უნდა შემოიფარგლოს. პროტესტი უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მილიონი ნაბიჯიდან”.

“უაღრესად სუსტია ეს რეჟიმი. ავტორიტარიზმი არ არსებობს პატარა ქვეყნებში. ავტორიტარიზმი არსებობს დიდ ქვეყნებში, სადაც ჯარის, პოლიციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დიდი რესურსია და სადაც არის მდიდარი წიაღისეული — ნავთობი, გაზი…

მხოლოდ დემოკრატიაა ავტორიტარიზმისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. მხოლოდ დემოკრატიული მმართველობით ხდება ნებისმიერ საკითხის მოგვარება, სადაც არ არსებობს პირობები ავტორიტარიზმისა. დღეს ავტორიტარიზმის პირობები არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციაა ძალიან სუსტი”, — დასძენს პაატა ზაქარეიშვილი და ამატებს, რომ ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებაც ისეთივე სუსტი ეგონა, როგორიც ოპოზიციაა.

“ოპოზიციას სამწუხაროდ არ აქვს იდეოლოგიური საყრდენები. იქ არ არის მემარცხენეები, მემარჯვენეები, ლიბერალები — მხოლოდ ლიდერები არიან და ლიდერებზე აგებული პირამიდები. სამოქალაქო სექტორში არც ერთი ლიდერი არ არსებობს. სამოქალაქო სექტორი ღირებულებების მიხედვით არის განფენილი. ამ იდიოტებმა[ხელისუფლებამ] საბედისწერო შეცდომა დაუშვეს [საკუთარი] თავის წინააღმდეგ”.

“ისინი ვერ მოკლავენ სამოქალაქო საზოგადოებას. ეს იქნება სახელმწიფოს წვალება. ერთადერთი, რაც მადარდებს, დროს ვკარგავთ”, — აცხადებს ის.

რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

თავდაპირველად რუსული კანონიც მხოლოდ ორგანიზაციებს ეხებოდა, თუმცა წლების განმავლობაში მოსკოვი ამ კანონს აფართოებდა და ახლა ის ეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს როგორც ორგანიზაციებს, ისე — ფიზიკურ პირებს.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

რატომაა საშიში რუსული კანონი? ნახეთ პასუხები ხშირად დასმულ 5 კითხვაზე:

რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი