ახალი ამბები

სამხრეთკავკასიური 800-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა დაწყო

17 მაისი, 2016 • 1719
სამხრეთკავკასიური 800-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა დაწყო

დღეს, 17 მაისს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში საფუძველი ჩაეყარა ტრანსადრიატიკის (TAP) 800-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის დაწყებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშრუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით.

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მშენებლობის დაწყების ცერემონიალს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

“თავისი მარშრუტის გაყოლებაზე ტრანსადრიატიკის გაზსადენს შეუერთდება სხვა არსებული და დაგეგმილი მილსადენები, რის შედეგადაც ენერგორესურსების ბაზრები ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის რეგიონის გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. ამავე დროს, ეს იქნება მომავალში სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების და თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა მხრიდან ბუნებრივი აირის რესურსების მოზიდვის კარგი შესაძლებლობა,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პარტნიორია.

“ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ სანდო პარტნიორი ქვეყანა ამ სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში. ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის სამხრეთის დერეფნის განუყოფელი ნაწილი. ბოლო წლების განმავლობაში პირველი ნაბიჯები სამხრეთის აირის წარმატებისკენ გადაიდგა სწორედ მაშინ, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა, თურქეთთან ერთად და დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბეს წარმატებული პარტნიორობა და დაამყარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ამის დასტურია, მაგალითად, ისიც, რომ ამ პროექტის წყალობით დაახლოებით 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის მონაწილე ქვეყნებში,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო უპირობო მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ცნობით, ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებმაც. ისინი იმედოვნებენ, რომ პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმებას, ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის სტაბილურობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი