ახალი ამბები

ივანიშვილისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დეტალები

7 ნოემბერი, 2011 • • 1048
ივანიშვილისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დეტალები
არჩევნებისთვის 60 ათასი დამკვირვებლის გადამზადება, საარჩევნო გარემო, სოფლის მეურნეობა, საქართველოს მოქალაქეობა – ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს, 7 ნოემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ბიძინა ივანიშვილისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დროს ისაუბრეს.

შეხვედრა, რომელიც 2 საათს გაგრძელდა, ჟურნალისტებისთვის დახურული იყო და მონაწილე მხარეებს შორის კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე დასაკვირვებლად 60 ათასი ადამიანის გადამზადებას აპირებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ საარჩევნო პოლიტ–ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა განუცხადა.

“შეხვედრაზე გავიგეთ, რომ ისინი 60 ათასი ადამიანის გადამზადებას აპირებენ, რათა ჰყავდეთ დამკვირვებლები არჩევნებზე, თუმცა მთავარია მოსახლეობის ნდობის შენარჩუნება და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლა. რეალურად მხოლოდ ეს შეცვლის სურათს,” – განაცხადა კახიშვილმა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კი შეხვედრის შემდეგ აქცენტს აკეთებს ივანიშვილის მხრიდან გამოთქმულ სურვილზე სასამართლოს, საარჩევნო გუნდის შექმნასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება სასამართლოს, არჩევნებს, კონსტიტუციას, ამ მიმართულებით ითქვა, რომ ის აპირებს გუნდის შექმნას, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს.  იყო რამდენიმე კითხვა სხვადასხვა კონტექსტში დასმული. დაისვა კითხვები სოფლის მეურნეობიდან დაწყებული ადამიანის უფლებებით დამთავრებული. თავად ივანიშვილს კონკრეტული პოზიციები არ დაუფიქსირებია, მხოლოდ ზოგადი კომენტარები გაკეთდა. ხოლო რას ფიქრობს ის, თუ რა ხარვეზებია კანონმდებლობაში, ან კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ამაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 80–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა ამ შეხვედრას, ნამდვილად არ იყო იმის შესაძლებლობა, რომ დეტალური ან შინაარსობრივი მსჯელობა ყოფილიყო სხვადასხვა საკითხებზე.

რაც შეეხება დამკვირვებლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მან ახსენა, რომ დაახლოებით 60 ათასამდე დამკვირვებლის გადამზადება მოუწევს  არჩევნებთან დაკავშირებით,” – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მან ივანიშვილსა და არასამთავრობოების ნაწილს შორის შესაძლო თანამშრომლობაზეც განაცხადა.

“არ უნდა მოხდეს ამ ორი ფიქციის, არასამთავრობო სექტორისა და ივანიშვილის არევა ერთმანეთთან. ვთვლი, რომ არ უნდა გავიდნენ არასამთავრობოები საკუთარი მანდატიდან. ერთია, საქველმოქმედო საქმიანობა და მეორე, პოლიტიკური საქმიანობა. ამასთან დაკავშირებით მას კომენტარი არ გაუკეთებია. არიან ორგანიზაციები, ვისაც ივანიშვილთან თანამშრომლობა სურთ, არიან ორგანიზაციები, რომლებიც ჩვეულებრივ აგრძელებენ თავიანთ ყოველდღიურ მუშაობას. ჩვენი ორგანიზაციაც ამ უკანასკნელს მიეკუთვნება,” – განაცხადა ჩუგოშვილმა.

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ კი შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე გაამახვილა ყურადღება:  

“მას აქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. თუმცა მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ, იმიტომ, რომ ვიცი, ვინ დგას ამ ყველაფრის წინააღმდეგ ამ ხელისუფლების სახით, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. მე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, მაინტერესებს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მას არჩევნებამდე მიიყვანს. ამ კონკრეტულ ნაბიჯზე მან თქვა, რომ ინტენსიური შეხვედრებია საჭირო. შეხვედრაზე მოქალაქეობის მინიჭების საკითხსაც შევეხეთ, რომ ის ამ საკითხზე მუშაობს და ჩემი კომენტარი იყო, რომ ამ ეტაპზე უპრიანად მივიჩნევთ, მოქალაქეობის მინიჭებას, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი. ეს არის მოკლე, 3 –თვიანი ვადა, რა დროსაც ხელისუფლებამ უნდა უთხრას თავისი თანხმობა. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის აღება სხვა შემთხვევაში გუნდზე, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, მას აღარ შეეძლება.” 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში აპირებს არასმთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას კონკრეტულ თემებსა და პროექტებზე.  

“ძალიან საინტერესო საზოგადოება გავიცანი. მე მათთან ბევრი შეკითხვა მქონდა და ასევე ბევრი რამ ჩავინიშნე. უახლოეს ხანში ვაპირებ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას კონკრეტულ თემებსა და პროექტებზე. მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდით დამიდგება იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია. ძალიან დიდ იმედს ვამყარებ არასამთავრობოებსა და სამოქალაქო სექტორზე,” – განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი