ახალი ამბები

პრემიერი მთავრობას მოუწოდებს, პროექტების შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ

5 მაისი, 2016 • 1186
პრემიერი მთავრობას მოუწოდებს, პროექტების შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კანიბეტის წევრებს მოუწოდა, რომ მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს იმისათვის, რომ ვიზუალურად წარმოადგინა რამდენიმე პროექტი. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ქუმსიშვილს არ მიეცა საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. სავარაუდოდ, პრემიერი გულისხმობდა გადაცემა “არჩევანში” დიმიტრი ქუმსიშვილის სტუმრობას. გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილთან “კონტაქტი გაითიშა”.

“მინდა მადლობა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, რომ მან საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმოადგინა რამდენიმე პროექტი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც ძალიან სამწუხაროა. არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მინდა, რომ ყველა თქვენგანს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ,”- განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ისაუბრა კონკრეტულ პროექტებზეც:

“ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში პროექტების დაფინანსებას და დღეს გამოგვაქვს სამი პროექტი ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, ამ პროექტის ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა,და მთლიანი ინვესტიციები ამ პროექტის ფარგლებში 400 მილიონ ლარს აჭარბებს უკვე და 7 500-ზე მეტი ადამაინის დასაქმებას ითვალისწინებს. ნაწილობრივ ეს პროექტები, დიდ ნაწილში, უკვე ფუნქციონირებს, ნაწილობრივ ჯერ კიდევ იმყოფება იმ ორწლიან ვადაში, როდესაც კომპანიებმა უნდა დაასრულონ საწყისი ინვესტიციები, რათა დაიწყოს ფუნქციონირება ამ კომპანიებმა. დღეს კიდევ ჩვენ გამოგვაქვს სამი პროექტი, ეს არის მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული პროექტი, რომელსაც სოფელ მარტყოფში განახორციელებს ფერმერული კომპანია “მარტყოფის ბაგა”. 2,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული ამ კომპანიის მხრიდან. ეს არის ასევე დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატი, სადაც მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის გათვალისწინებული, და ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემა ასევე, სადაც გათვალისწინებულია მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობა. დახლოებით 200 ათას ლარამდე ინვესტცია არის გათვალისწინებული და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ასევე ინტენსიურ მუშაობას.

ვფიქრობთ, რომ კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება. მე მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ კომპანიების თაობაზე ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ თითოეული ასეთი პროექტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ძალიან ხშირად ალბათ საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიტანა,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი