ახალი ამბები

საყდრისის დაცვის კომიტეტი ეკონომიკის მინისტრს RMG-სთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

22 აპრილი, 2016 • 1752
საყდრისის დაცვის კომიტეტი ეკონომიკის მინისტრს RMG-სთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

“საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი” აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის კორუფციული გარიგების შედეგად RMG Gold-ში კახა ჟღენტი დაინიშნა, რასაც ეკონომიკის სამინისტრო არ ადასტურებს.

“საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის” წევრი ირაკლი მამალაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ 2016 იანვარში დიმიტრი ქუმსიშვილი RMG Gold-ის წარმომადგენელს, დიმიტრი ტროიცკის შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ შეთანხმდა, რომ RMG-ში მუშაობას დაიწყებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის ქმარი კახაბერ ჟღენტი.

ირაკლი მამალაძის თქმით, კახაბერ ჟღენტისთვის კომპანიაში სპეციალურად შეიქმნა კორპორაციული დირექტორის თანამდებობა. მამალაძე ამბობს, რომ ჟღენტის მიზანია, მართოს სახელისუფლებო სტრუქტურებში დაწესებული იმ პირების შემოსავლები, რომლებიც ფარულად ფლობენ წილებს RMG-ში.

“ეს ადამიანი არის ბატონ ქუმსიშვილთან დაახლოებული პირი. მან პირდაპირ ჩასვა თავისი კადრი ამ კომპანიაში. ის, რომ საყდრისი აფეთქდა დიდი კორუფციული გარიგების შედეგად, იყო იმისკენ მიმართული, რომ ფინანსები მიეღოთ კონკრეტულ ადამიანებს”, – ამბობს მამალაძე.

კომიტეტის წევრი ამბობს, რომ ეს გარიგება არის ჯაჭვის ერთი ნაწილი იმ კორუფციული გარიგებისა, რომლის შედეგადაც საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე RMG-იმ მთავრობასთან კომბინირებული ქმედებით საყდრისის ისტორიული მაღარო გაანადგურა.

კითხვას, თუ რატომ უნდა დათანხმებოდა კომპანია ამგვარ გარიგებას დიმიტრი ქუმსიშვილთან, მამალაძე, პასუხობს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი, მაშინ, როდესაც თბილისის მერის მოადგილე იყო, ზეწოლას ახდენდა კულტურის მაშინდელ მინისტრ გურამ ოდიშარიაზე, რათა მას საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების უფლება მიეცა.

ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ქუმსიშვილი იყო ქართუ ბანკის ხაზინადარი, ხოლო ვისაც კი შეხება ჰქონდა ქართუ ბანკთან, ყველა იყო დაინტერესებული საყდრისის მაღაროს ადგილას წიაღისეულის მოპოვებით.

ეკონომიკის სამინისტროში უარყოფენ იმას, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა RMG-ის წარმომადგენელს და ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კომპანია RMG-ისაც, რომელიც ამ განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია.

კახა ჟღენტმა არ უპასუხა კითხვას, მუშაობს თუ არა RMG-ში, თუმცა განაცხადა, რომ რასაც საყდრისის დაცვის კომიტეტი ამბობს, სიცრუეა.

“ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს ამ აბსურდზე. ადამიანებმა შეიძლება ტყუილი თქვან, მაგრამ ამ ტყუილსაც გააჩნია. ყველაფერი არის ტყუილი, მათი ქმედება გადადის ყოველგვარ ზღვარს”, – განაცხადა კახა ჟღენტმა.

“საყდრისის დაცვის კომიტეტი” აცხადებს, რომ ისინი მიმართავენ საქართველოს მთავრობასა და პროკურატურას, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით.

საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, კახა ჟღენტს 1999-2001 წლებში შევსებული აქვს დეკლარაცია ქონების მართვის სამინისტროს საწარმოთა სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარამენტის დირექტორის პოზიციაზე.

2015 წელს იგი ასევე მუშაობდა ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს მრჩევლად. კახა ჟღენტი ფლობს კომპანია “სმარტ სოლუშენზ”-ის 100%-იან წილს. საკუთარ მეუღლესთან ერთდ “ისთ–ვესთ ლეგალ სერვისიზ” დააარსა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია.

კახა ჟღენტს ასევე დაარსებული აქვს ააიპ “ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ჯგუფი”, არის 80%-იანი წილის მფლობელი შპს “ევრაზია ბიზნეს ქონსალთინგ გრუფის”, არის ამავე კომპანიის დირექტორი.

საყდრისის მაღაროს 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ძეგლი მდებარეობდა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ფლობს კომპანია RMG. ამჟამად ამ ტერიტორიაზე კომპანია ოქროს მოიპოვებს. საყდრისისთვის სტატუსის მოხნას მოჰყვა პროტესტი მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი