ახალი ამბები

ივანიშვილი: მე ჟურნალისტების ყიდვა კი არა, მათი გათავისუფლება მინდა

12 ოქტომბერი, 2011 • 1108
ივანიშვილი: მე ჟურნალისტების ყიდვა კი არა, მათი გათავისუფლება მინდა
ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში მასმედიის წარმომადგენლებს მიმართავს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი განცხადება ”მაესტროსა” და ”კავკასიის” ყიდვასთან დაკავშირებით არასწორად გაიგეს.

”მე ჟურნალისტების ყიდვა კი არა,  მათი გათავისუფლება მინდა იმ შეურაცხმყოფელი შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შეზღუდული ატმოსფეროსგან, რომელშიც დღეს მათ უწევთ მუშაობა” – ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში.

ბიზნესმენი უშუალოდ მიმართავს რამდენიმე ჟურნალისტს. მათ შორის, ტელეკომპანია ”მაესტროს” ჟურნალისტ შალვა რამიშვილს და ტელეკომპანია ”კავკასიის” წარმომადგენელს დავით აქუბარდიას.

”შალვა, შენ როდესაც ”დარდუბალას” აკეთებდი, მე ჩემი ოჯახით პარიზში ვცხოვრობდი. ”დარდუბალა”-ს ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფოიერვერკი. შენ მაშინ, როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის.”

ბიზნესმენი შალვა რამიშვილს ახალი ანიმაციური სერიალის გადასაღებად დაფინანსებას თავაზობს.

”შენ ახლა ახალ “დარდუბალა”-ს უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული “მაესტროს” მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელისბიჭივით.
წამოდი, შალვა, და ახალი “დარდუბალა”-ს გადაღება დაიწყე, რომლის გამზადებული სიუჟეტი, ძველი “დარდუბალა”-ს სიუჟეტზე გაცილებით მძაფრი სიუჟეტი ახალი ოდიოზური პერსონაჟებით, ცხოვრებამ მაგიდაზე დაგიდო, შენ კი მისი აღება გეზარება.
სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი “დარდუბალა”-ს გადაღება და მე დავაფინანსებ!” – წერს ბიზნესმენი.

ბიძინა ივანიშვილი დავით აქუბარდიას ობიექტურობისკენ და სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს. ბიზნესმენი ჟურნალისტს ფინანსურ დახმარებასაც სთავაზობს:

”ბატონო დავით, თქვენ ერუდირებული, ანალიზის შესანიშნავი უნარის მქონე ჟურნალისტი ხართ, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე იცით ეკონომიკა, ისტორია, ლიტერატურა, ბრწყინვალედ ერკვევით პოლიტიკური ცხოვრების ლაბირინთებში, მაგრამ ხშირად ღალატობთ საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს და სხვადასხვა მოტივით და მიზეზით ფსევდოოპოზიციურ, ფსევდოობიექტურ სუბიექტებს აძლევთ ასპარეზს.
ბატონო დავით, არ მინდა მე თქვენი ”კავკასია”_ ნურც მომყიდით და ნურც მაჩუქებთ, მაგრამ თქვენ იყავით ობიექტური, მართალი და ობიექტური, ოღონდ არა დღეგამოშვებით, არა ხანდახან, არამედ მთლიანად, მთელი 24 საათის განმავლობაში.
ფინანსური პრობლემები გიშლით ხელს? არაფერი არ მინდა თქვენგან, ისე დაგეხმარებით, ოღონდ თქვენს თავისუფლებას და საკუთარ მრწამსს ნაძირლებზე ნუ გაყიდით.” -ნათქვამია ივანიშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა პირველ განხადებაში, ტელეკომპანია ”კავკასიის” და ”მაესტროს” შეძენის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად იყო, სამმაგ ფასში შეეძინა აღნიშნული ტელეკომპანიები. დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილში ივანიშვილი მასმედიის მისამართით გაკეთებული ადრინდელი განცხადების მიზნებზეც საუბრობს.

”მასმედიის მისამართით გაკეთებული ჩემი განცხადების მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ვითომ ოპოზიციურ ტელეარხებს სინამდვილეში სააკაშვილი აკონტროლებს და მისი დასტურის და ნებართვის გარეშე, ამ ტელეკომპანიის მესვეურებს რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.
მე მიზანს მივაღწიე _ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავიანთი კომენტარებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ მათი ორგანიზაციების ნამდვილი მეპატრონე სააკაშვილია.”- ნათქვამია ივანიშვილის ღია მიმართვაში.

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ შეთავაზა თანამშრომლობა და პირობები წარუდგინა. განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ჟურნალისტების წინაშე აიღოს ფინანსური ვალდებულება, გააფორმოს სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც უზუნველყოფილი იქნება ჟურნალისტის თავისუფლება. ივანიშვილი აცხადებს, რომ დასაქმებული იქნება ყველა ქართველი ჟურნალისტი, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა და პროფესიული ღირსება და ჟურნალისტებს თავაზობს ხალხისთვის ხელისუფლების დაბრუნებას. ეს პროცესი, ბიზნესმენის აზრით, მეოთხე ხელისუფლებით ანუ მედიით უნდა დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი