ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი: ეს იყო წარმატების და წარუმატებლობის 9 წელი

15 აპრილი, 2016 • 1184
გიორგი კვირიკაშვილი: ეს იყო წარმატების და წარუმატებლობის 9 წელი

“ეს იყო წარმატებების და წარუმატებლობის 9 წელი. 2007 წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი,” – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანიების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე გააკეთა:

“ჩემი შვილი არის ცხრა წლის და რომ მეკითხებიან ხოლმე, აღარ ვიცი, რვა ვთქვა თუ ცხრა. ეს იყო წარმატებების და წარუმატებლობის 9 წელი. იყო მიმართულებები, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ იყო ამ ქვეყანაში რაღაცები, რაც ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის მეც მომწონდა, მაგრამ 2007 წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსწონდა საგადასახადო საბაჟო სისტემის რეფორმა:

“და არაერთი სხვა რამ მომწონდა. სიმართლეს ვლაპარაკობ და, მე მგონი, ჩვენი ძალა სწორედ ამ სიმართლის თქმაში უნდა იყოს,  ჩვენ უნდა ვთქვათ ეს სიმართლე, არ უნდა შეგვეშინდეს და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შეგვეშინდეს. ”

პრემიერი მიიჩნევს, რომ წარსულ დანაშაულებზე აქცენტირება ხალხს არ აინტერესებს:

 

“გარბოდნენ ადამიანები, მამებს და ცოლებს უპატიმრებდნენ, რომ ჩამოეყვანათ უკან და სკაიპით აკეთებინებდნენ მინდობილობას, რომ ქონებები გადაეფორმებინათ. არის ეს სინამდვილე, მაგრამ ამაზე კიდევ მეტი აქცენტის გაკეთება აღარ აინტერესებს ხალხს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე.”

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი