ახალი ამბები

მეჭიაური: მზად ვარ, NATO-ზე უარი ვთქვა, თუ ჩემი ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება

7 აპრილი, 2016 • 1653
მეჭიაური: მზად ვარ, NATO-ზე უარი ვთქვა, თუ ჩემი ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერით, გადაცემა “ბარიერში” სტუმრობისას ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა მზად NATO-ზე უარის თქმისთვის, უპასუხა, რომ იგი უარს იტყვის იმ შემთხვევაში, თუკი NATO საქართველოს ინტერესებს დაუპირისპირდება.

“ჩემწილად, მზად ვარ, თუ ჩემი ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება. ჩემთვის ამოსავალი არის ჩემი ქვეყანა და ნატოც, ყველაფერი არის ამ მიზნის მიღწევის საშუალება. ზოგიერთს უნდა, რომ ოღონდ ნატო იყოს, გინდაც პატარა ნაგლეჯი დავიტოვოთ ქვეყნიდან. ამ პატარა ნაგლეჯზე რაღაც პოლიტიკურმა ჯგუფმა თავისი გავლენა შეინარჩუნოს ნატოს საფარქვეშ და დანარჩენი დაქცეულა ყველაფერი გარშემო. შეიძლება, ზოგი ამაზეც თანახმა იყოს,”- განაცხადა მეჭიაურმა.

მანვე ახსენა “ნეიტრალიტეტიც”:

“ჩემი ახირება კი არ არის ეს, რაც მოერგება ქვეყანას, ის უნდა გავაკეთოთ,”- ამბობს მეჭიაური.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს NATO-ს მხრიდან საქართველოს ინტერესის დაპირისპირებაში.

6 აპრილს NATO-ს საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, გოგი თოფაძემ. მან გაზეთთან “საქართველო და მსოფლიო” განაცხადა, რომ ჯობს საქართველო რუსეთს მოელაპარაკოს:

“გვეუბნებიან გასაგებად, არ გიღებთ ნატოშიო, მაგრამ ქალბატონი თავდაცვის მინისტრი მილიონობით ადამიანს ატყუებს,  მიგვიღებენო. ჯეიმს აპატურაიმ განგვიცხადა, არ გიღებთ თქვენივე უსაფრთხოების გამოო, მაგრამ, ჩვენში დარჩეს, რაში ენაღვლება დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოება?! უბრალოდ, იმ ხუთმა თვემ, რომელთა განმავლობაშიც რუსეთმა იომა სირიაში და ხმამაღლა აუწყა მსოფლიოს, ისევ დავიბრუნე ზესახელმწიფოს სტატუსიო, ყირაზე დააყენა გეოპოლიტიკა, ე.წ. ერთპოლუსიანი სამყარო მოკვდა. და იმის მაგივრად, ჭკუას ვუხმოთ, დავჯდეთ და რუსებს მოველაპარაკოთ, ხიდაშელი ჯიუტობს და გაჰკივის- ნატოო. ნეტავ, რამის გამკეთებელი იყოს,” – აღნიშნულია “საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში.

ნეტგაზეთი შეეცადა ამ ციტატის ნამდვილობის გადამოწმებას, თუმცა, თოფაძემ შეკითხვებს არ უპასუხა.

NDI-ის 2015 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი – საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მოსახლეობის 72 პროცენტისთვის მისაღებია. საქართველოს მმართველ კოალიციას, “ქართულ ოცნებას”, რომლის შემადგენლობაშიც გოგი თოფაძის მრეწველთა პარტიაც შედის, ოფიციალურად ასევე დეკლარირებული აქვს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს. ამ კუთხით ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია. ეს მონაცემები ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI -იმ გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი