ახალი ამბები

მეჭიაური დათა ახალაიაზე ინტერპოლის მიერ ძებნის შეწყვეტას “ნაციონალების” ლობისტებს უკავშირებს

23 მარტი, 2016 • 1370
მეჭიაური დათა ახალაიაზე ინტერპოლის მიერ ძებნის შეწყვეტას “ნაციონალების” ლობისტებს უკავშირებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური დავით ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას საზღვარგარეთ “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების მუშაობას უკავშირებს:

” ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ ინტეგრირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ისინი უფრო აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. იმის დამტკიცებას ახერხებენ, რაც მათთვის მისაღებია. ინტერპოლიც ადამიანებისგან შედგება და ხომ შეიძლება მათთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელი ყოფილიყო დაცვის მხარის წარდგენილ არგუმენტებთან შედარებით?!  ეს [წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა] პირველი შემთხვევა არ არის, მერამდენე შემთხვევაა უკვე. საკმაოდ ძლიერი ლობი ჰყავთ [ნაციონალურ მოძრაობას] საზღვარგარეთ, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს,” – აღნიშნავს მეჭიაური.

დათა ახალაია ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირების სიიდან ამოიღო. ახალაია ინტერპოლის ვებგვერდზე ძებნილთა ჩამონათვალში აღარ გვხვდება.

დათა ახალაიას ძმის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ დათა ახალაია ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა პოლიტიკური მოტივაციის გამო მოხსნა:

“ინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნა შეწყვიტა იმ მოტივით, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს”- წერს ნადარეიშვილი.

საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ “აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ახლებურად რეგულირდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები”.

წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა თავის დროზე ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ერეკლე კოდუაც მოხსნა, ხოლო მიხეილ სააკაშვილზე ძებნა საერთოდ არ გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი