ახალი ამბები

პროკურატურის განცხადებით, აშშ-ს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი გადასცეს

4 ნოემბერი, 2023 • 2086
პროკურატურის განცხადებით, აშშ-ს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი გადასცეს

პროკურატურის განცხადებით, აშშ-ს გადასცეს პირი, რომელიც 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებაშია ბრალდებული და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

უწყების განცხადებით,ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. პროკურატურის თქმით, დაკავებული წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო.

უწყების განცხადებით, თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

„ძებნილი პირი აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დაუშვებლად ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ძებნილი პირის საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება აშშ-ის მარშალთა სამსახურის მიერ მოხდა“ — აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი