ახალი ამბები

ბერძენიშვილი კარასინის განცხადებაზე: ოცნებობენ, რომ არსებული ხელისუფლება შეიცვალოს

16 მარტი, 2016 • 1511
ბერძენიშვილი კარასინის  განცხადებაზე:  ოცნებობენ, რომ არსებული ხელისუფლება შეიცვალოს

“ბატონი კარასინის ეს განცხადება დიპლომატიურ ენაზე არ არის გაკეთებული,” – ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი კარასინის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

ლევან ბერძენიშვილის თქმით,  “სხვა ქვეყნებს ასე არ ელაპარაკებიან და, ეტყობა, საქართველო დაბალ ღობედ მიაჩნიათ”:

“ბატონი კარასინის ეს განცხადება დიპლომატიურ ენაზე არ არის გაკეთებული. ეს ცოტა უცნაურია, რადგან ის საგარეო საქმეთა მინისტრს პირველი მოადგილე და გამოცდილი დიპლომატია. რუსეთს უკვირს, რომ ის სანიმუშო ქვეყანა არ არის და ასეთად არ მოიხსენია საქართველოს პრეზიდენტმა ან თავდაცვის მინისტრმა. ძირითადი დარტყმა განხორციელებულია ამ მიმართულებით, ჩვენი [ევროატლანტიკური] არჩევანის გამო.”

მისივე თქმით, ხელისუფლებას ევროატლანტიკური ინტეგრაცია აინტერესებს და არა რუსეთთან უვიზო რეჟიმი:

“სადაც პარტნიორად აღგვიქვამენ და თითს არ გვიქნევენ, იქით ვიხედებით. კარასინის გამოსვლა ხდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფართომასშტაბიანი ჩარევის მიუხედავად არ იზრდება პრორუსული ძალების გავლენა საქართველოში. ჩვენი რუსეთუმე პოლიტიკოსები შეიძლება რუსეთს რამეს დაპირდნენ, მაგრამ ამას ვერ აღწევენ, ამიტომ მათი [რუსეთის] ოცნება, რომ არჩევნებში სააკაშვილის რეჟიმი შეცვლილიყო პრორუსული ძალით, არ გამოვიდა, ახლა ოცნებობენ, რომ არსებული ხელისუფლება შეიცვალოს.”

დეპუტატის თქმით,  სიტყვიერი მუქარა არაფერს ცვლის:

“რად გვინდა ეს მუქარა, ისედაც ოკუპანტია, ისედაც უჭირავს ტერიტორიები. ჩვენს ტერიტორიებზე ჯარები ჰყავს განლაგებული. ამიტომ ამ სიტყვიერ მუქარას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ. არ არის ლამაზი, რომ დიპლომატები ამ ენაზე ლაპარაკობდნენ. ბრალდებები ყოველთვის იყო საქართველოს მისამართით. ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება, რომ არ აჰყვეს ასეთ პროვოკაციებს. ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველოს ხელისუფლებაში [რუსეთმა] დასაყრდენი იპოვოს. ამის საშუალებას მათ ჩვენი მოძმე პოლიტიკოსები აძლევენ. უმრავლესობის რიგებშიც კი შეიძლება თქვას ვინმემ, რომ რუსეთი კარგია  და ევროპა ცუდია. ”

პრორუსული განწყობების კონტექსტში ბერძენიშვილი ლევან ვასაძეზე საუბრობს:

“საქართველოს ახლა ახალი იდეოლოგი მოევლინა ლევან ვასაძის სახით, რომელიც გვიხსნის, ლიბერალიზმი რა არის და ლიბერი ავენტინური … რომელიც[ლევან ვასაძე] ჩემი სტუდენტი რომ ყოფილიყო, პირველ კურსზე გაირიცხებოდა. ასეთი სისულელეების ტირაჟირებას ახდენს იმ სფეროში, სადაც აბსოლუტურად არაფერი გაეგება. ავენტინური და ლიბერი კი არა, საერთოდ ხომ შეიძლება რაღაც იცოდეს კაცმა? მაგრამ ეს ამ ყაიდისგან ჩვეულებრივი რამ არის. კარასინი და პუტინი ვერ ცვლიან ქართველი ხალხის განწყობას, ქართველი ხალხის განწყობა არის ევროპისკენ,”- აღნიშნავს ბერძენიშვილი.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მხარეების შეხვედრამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა მედიასთან საუბარში საქართველოსთან ურთიერთობებზე განცხადება გააკეთა. კარასინი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია.

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად მინისტრების რიტორიკაზე საუბრისას ის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ასახელებს.

“ყველა პოლიტიკოსს უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტული და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ. თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი