საზოგადოება

სად არის კვლევა?

22 ოქტომბერი, 2010 • • 1554
სად არის კვლევა?

Greenberg Quinlan Rosner–ის მიერ ჩატარებულ კვლევას,რომელსაც დღეს თითქმის ყველა მედია საშუალება ავრცელებს და რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას მოსახლეობის 67%–იანი მხარდაჭერა აქვთ, ნეტგაზეთმა ვერ მიაკვლია.

ნეტგაზეტმა დაადგინა, რომ კვლევა კონფედენციალურია. ის არ დევს კომპანიის საიტზე, ხოლო ქართული ორგანიზაცია, რომელმაც საველე სამუშაოები ჩაატარა, ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა შეკვეთილია, ის არ არის საჯარო. შესაბამისად, მისი გავრცელება არ მომხდარა მათ მიერ.

რუსთავი2, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა გაავრცელა აღნიშნული კვლევის შედეგი, აცხადებს, რომ კვლევა მათ პოლიტიკური პარტიისგან მიიღეს. გიორგი ლაფერაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ წყაროს არ დაასახელებს:

„ეს კვლევა პარტიებს დაეგზავნათ. ზუსტად ვიცი, რომ ეს კვლევა აქვთ: ალასანიას პარტიას, ქრისტიან–დემოკრატებსა და ნაციონალურ მოძრაობას“,–ამბობს ლაფერაშვილი, კურიერის პროდიუსერი.

ნეტგაზეთი  დასახელებულ პარტიებს დაუკავშირდა. ალასანიას პარტიასა და ქრისტიან–დემოკრატებში გვითხრეს, რომ არავითარი კვლევა მათ არ მიუღიათ.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ცენტრალურ ოფისში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქეთევან ქოჩრაშვილმა გვითხრა, რომ კვლევა არ აქვს და გადაგვამისამართა პარლამენტში.

საპარლამენტო უმრავლესობის აპარატში  გიორგი პატარაიამ გვითხრა, რომ მასაც არ აქვს კვლევა.

სხვა საინფორმაციო არხები, რომლებიც ასევე დილიდან აშუქებენ კვლევის შედეგებს, ვერ ასახელებენ კვლევის ზუსტ წარმომავლობას.

იმედის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ამბობს, რომ მას კვლევა „უფროსმა“ გაუგზავნა. პირველ არხზე  მაკა გაფრინდაშილმა გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, კვლევა ერთ–ერთმა ჟურნალისტმა მიიღო მეილზე და ელისო ჯარიაშვილთან გადაგვამისამართა. ჟურნალისტმა გვითხრა, რომ ის არ აშუქებდა აღნიშნულ მოვლენას და  დღის ეს ახალი ამბავი მხოლოდ გაახმოვანა. გაფრინდაშვილთან ხელახალი ზარის შემდეგ, იგი დაგვპირდა, რომ  კვლევის მიღების წყაროს გაგვირკვევდა, თუმცა  შემდეგ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი თამარ რუხაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მისი არხი, აღნიშნული ფაქტის გაშუქებისას,  საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო.

თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსში განგვიცხადეს, რომ ისინი ტელეკომპანიის ეთერით გადაცემულ ამბებს დაეყრდნენ.

აისითი, ქართული კომპანია, რომელმაც აღნიშნული კვლევისათვის საველე სამუშაოები ჩაატარა, აცხადებს, რომ  კვლევა კონფედენციალურია, რადგან შეკვეთილია. ამ მიზეზით არ დევს ის Greenberg Quinlan Rosner–ის ოფიციალურ საიტზე. კომპანიის პიარ მენეჯერმა გიორგი კალატოზიშვილმა გვითხრა, რომ მის კომპანიას არ გაუვრცელებია აღნიშნული კვლევა და მედიისთვის არ მიუწოდებია.

Greenberg Quinlan Rosner–ის საიტზე ჩამოთვლილია ის კომპანიები და პირები, რომლებიც მათი შემკვეთები არიან. მათ შორის არიან: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თბილისის მერი გიგი უგულავა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი