საზოგადოება

დევნილების ორგანიზაცია იქმნება

26 აგვისტო, 2010 • 1665
დევნილების ორგანიზაცია იქმნება

დევნილები გეგმავენ, რომ ორგანიზაცია ჩამოაყალიბონ და საკუთარი უფლებების დასაცავად თავადვე იბრძოლონ. შეხვედრა, რომელიც ”მზიურში” 25 სექტემბერს გაიმართა,  “ხალხის პარტიისა” და “კონსერვატული პარტიის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

“დევნილების ცალკეულ ჯგუფებთან ერთად  წესდების პროექტის განხილვას ვაწარმოებთ, რათა მათთან ერთად  დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის  ჩამოყალიბება შევძლოთ” -აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი კონსერვატული პარტიიდან -”ეს მათი მოძრაობა უნდა იყოს, ჩვენ მხოლოდ  ამ ორგანიზაციის წესდების პროექტი მოვამზადეთ”.

ჩხარტიშვილს იმედი აქვს, რომ ამ პროცესში თბილისში მცხოვრები დევნილების ძირითად ნაწილს ჩართვენ, რათა მოძრაობა ისეთივე ”წარმომადგენლობითი იყოს, რამდენადაც მასშტაბურია დევნილების რიცხვი საქართველოში”. მას მიაჩნია, რომ ესაა ერთადერთი სწორი გზა, რათა თვითორგანიზებით დევნილებმა საკუთარი უფლებებისათვის იბრძოლონ.

 

აფხაზეთიდან დევნილი დალი კაჭარავა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ზღვაზე დევნილების კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით, მათთან ჯერ არავინ მისულა გამოსახლების მოთხოვნით, მაგრამ შიშობენ, რომ შესაძლოა ისინიც გამოასახლონ.

”თბილისის ზღვაზე  უკვე თვრამეტი წელია სამიათას რვაასი დევნილი ვცხოვრობთ. ეს ბინები საკუთრებაში არ გვაქვს გადმოცემული და არ არის გამორიცხული, ჩვენთანაც მოვიდნენ.”

დევნილთა შეხვედრას მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებული დევნილებიც ესწებოდნენ.

”15 აგვისტოს, დილის 6 საათზე, მოვიდნენ პოლიციელები, დაახლოებით  500 -600  და ქუჩაში გვყრიდნენ,  ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველა იყო იქ, მინისტრის მოადგილეც.  ჩვენ ვკითხეთ,  სად უნდა წავსულიყავით – ეს ჩვენ არ ვიცითო. მერე სასხვათაშორისოდ თქვეს, ფოცხოშიო.  თვრამეტი წელია თბილისში ვცხოვრობ, ფოცხოში არ არის არანაირი სამსახური, იქ როგორ უნდა ვიარსებო? ბავშვებს ხომ უნდათ ცხოვრების ნორმალური პირობები? დღეს უნდა ჩამოყალიბდეს დევნილთა ორგანიზაცია და  ჩვენი უფლებებისთვის ვიბრძოლებთ”- ამბობს მედეა ანჯაფარიძე.

მისი თქმით, მათი ნივთები მერიის საწყობში წაიღეს, ამის გამო დევნილების უმეტესობამ ნივთები დაკარგა: ” რაც ამ ხალხმა 18 წლის განმავლობაში შეაგროვა, ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს. არავინ არ მოსულა მანამდე და არ უთქვამს, რომ ალტერნატულ ფართს მოგვცემდნენ. არანაირი მიწა, მარტო ერთჯერად კორპუსს გაძლევენ.  თვითონ იქაურები ამბობენ,  რომ არანაირი მოსავალი იქ არ მოდის.  რითი უნდა ვიარსებოთ?”

 

დევნილი ზაირა მარანელს მიაჩნია, რომ  ეს კავშირი უფრო ადრეც უნდა შექმნილიყო:  ”დევნილებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები და  უნდა ფლობდნენ იმ მექანიზმებს, რომლის საშუალებითაც დაიცავენ საკუთარ უფლებებს. ჩემი აზრით, ეს კავშირი აწევს მათ ზნეობრივ აქტიურობას და ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას სახელმწიფო პროცესებში.”

ოჩამჩირედან დევნილი ზაირა ჩარკვიანი ასევე მაჩაბლის 8 ნომრიდან  არის გამოსახლებული.  იგი თბილისში 18   წელია ცხოვრობს:  ” 2008 წლის პირველი აგვისტოდან შევედით მაჩაბლის 8 ნომერში, მანამდე ქირით ვცხოვრობდი. ჯერ გაფრთხილება მოგვივიდა, გაფრთხილებიდან მეშვიდე დღეს კი მოვიდნენ და გამოგვასახლეს. მერიის საწყობში წაიღეს ამ გამოყრილი ხალხის ნივთები, ვაშლიჯვარში ყოფილა და იქ ბევრმა ვეღარ იპოვა საკუთარი ნივთები.  მე ქუჩაში მაქვს დაყრილი, ერთ საღამოს მივდივარ ერთ ამხანაგთან, მეორე საღამოს – მეორესთან, ასე დავდივარ. ზოგს თბილისელებმა ეზო ათხოვეს  და იქ შეინახეს ნივთები, ზოგი ქირით ეძებს ბინას, ვისაც საშუალება აქვს. ვინ ვისთან არის შეხიზნული, ვერ გაიგებ. სამეგრელოში რაღაც სოფელს ამბობდნენ ვითომ, მაგრამ თუ შუქი არ არის, წყალი არ არის, გზა არ არის, მაღაზია არ არის, ფანჯარა არ ვარგა, იქ როგორ უნდა ვიცხოვროთ? სასაკლაოზე ხომ არ წავალთ? ”

ასეთ ისტორიებს ყვებიან დევნილები, რომლებიც ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავენ. ისინი დღესაც აპირებენ შეკრებას თბილისის საკრებულოსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი