საზოგადოება

სომხური ენის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნა რუსეთიდან

6 აგვისტო, 2010 • 1677
სომხური ენის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნა რუსეთიდან

„რუსეთში ჯავახეთის დიასპორის“ მოთხოვნები და  მიმართვები ინტერნეტის ქსელში რამდენიმე თვეა ჩნდება. უკანასკნელი ასეთი მიმართვა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.  „ჯავახეთის რუსული დიასპორა“ საქართველოს ახალ კონსტიტუციის პროექტს ეხმაურება და მასში ცვლილების შეტანას ითხოვს–„გთხოვთ, ჩაამატოთ შესწორება ასეთი სახით–„სამცხე–ჯავახეთის მხარის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ენასთან ერთად, სომხური ენა რეგიონულ ენას წარმოადგენს“.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ცალკეულ თავში  დეტალურად უნდა განიმარტოს საკითხები, თუ როგორ უნდა მოხდეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სამართლებრივი საკითხების მოგვარება, ფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების განკარგვა, ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები და ქვეყანაში ადმინისტრაციული ერთეული შექმნის შესაძლებლობა.  

საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე, არნოლდ სტეფანიანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს, –„როდესაც მე დავინტერესდი, გავარკვიე, რომ ესენი არიან მოსკოვში მყოფი  რადიკალ სომეხთა ჯგუფი, რომლებიც ერთ–ერთ ძალიან სერიოზულ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა პარტიის დასახელებისგან თავს შევიკავებ“, –ამბობს არნოლდ სტეფანიანი.

თუმცა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ამ კონკრეტული ადამიანების მოთხოვნა, საქართველში სომხურის რეგიონულ ენად გადაქცევის შესახებ, ჯავახეთში ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო იქნებოდა, რადგან ჯავახეთის მოსახლეობა ვალდებულია,  ადგილობრივ ხელისუფლებას ქართულ ენაზე მიმართოს, მაშინ, როცა თვითონ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც ბევრი სომეხია, რომლებმაც  არ იციან ქართული და მათაც უწევთ თარგმნა, რაც არნოლდ სტეფანიანის აზრით, ”ბევრ სირთულეს ქმნის“. 

ამის მიუხედავად, სტეფანიანი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს.

„რუსეთში ჯავახეთის დიასპორის“ მოთხოვნები მხოლოდ ამ საკითხებით არ მთავრდება. მიმდინარე წლის ივლისის წერილში ჯგუფი საქართველოს განათლების სამინისტროს მრავალრიცხოვანი კონფლიქტების გაღვივებაში სდებს ბრალს. „მეხუთე კლასამდე სომხურ ენაზე ნათარგმნ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში შუასაუკუნეების სომხეთი მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს შემადგენლობაში განიხილება, სომხური ბიოლოგიის სახელმძღვანელოში  კი ცხოველების სახელები სომხურად კი არა, ქართულადაა“, –ნათქვამია „რუსეთის ჯავახეთის დიასპორის“ წერილში.

ჯგუფი მოითხოვს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაგივრად, ასეთი საკითხების გადაწყვეტის უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას მიენიჭოს.

საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებზე და კონკრეტულად სამცხე ჯავახეთის  რეგიონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ხშირად ამახვილებს ყურადღებას.

ლავროვი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო  ყურადღებას მიაქცევს საქართველოში მცხოვრები  ეროვნული უმცირესობებს, რომელთა პრობლემები ქვეყანაში მწვავედ დგას. ლავროვის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს იმეპრიალისტური დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრები მცირე ერების მიმართ, რაც მინისტრის  აზრით, 2008 წლის აგვისტოშიც გამოჩნდა.

ლავროვის განცხადებებთან დაკავშირებით, ნეტგაზეთი რამდენიმე თვის წინათ ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილსაც ესაუბრა: „ საქართველოში უმცირესობების პრობლემა, საქართველოს სახელმწიფოს პრობლემაა და არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის“, –ამბობს ზაქარეიშვილი.

 რუსულენოვანი მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით კი, „რუსეთში ჯავახეთის დიასპორამ“ მადლობა გადაუხადა რუსეთის საგარეო უწყებას იმის გამო, რომ მან საქართველოში მცხოვრები უმცირესობების თემაზე ისაუბრა.

 აღნიშნულ ჯგუფს მხარდამჭერები საქართველოს პოლიტიკურ წრეებშიც ჰყავს–

საქართველოს კონსერვატულმა პარტიამ თავის ოფიციალურ ვებ –გვერდზე  საარჩევნოდ „რუსეთში ჯავახეთის დიასპორის“  მოწოდება გამოაქვეყნა, რომელშიც ჯავახეთის დიასპორა „ეროვნულ საბჭოს“ მხარდაჭერას პირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი