საზოგადოება

პოლკოვნიკი და მეუფე

22 აპრილი, 2010 • 2012
პოლკოვნიკი და მეუფე

შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ერთობლივი ჟურნალის პრეზენტაციაზე შეიყარნენ.  ერთობლივი პროდუქტის პრეზენტაციისთვის ჟურნალის შემქმნელებმა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი აირჩიეს.  რუხი მარმარილოს დარბაზი კედელზე ხატებით, განათებული ბროლის ჭაღებით,  მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტებით, კამერიანი ოპერატორებით, საეკლესიო გუნდის გალობის ფონზე ფოტოგრაფები აპატარების ჩხაკუნით – ყველაფერი მზად იყო ჟურნალ „საარქივო მოამბის“ პრეზენტაციისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს ურთიერთობის საზოგადოებისთვის ხილული ნაყოფი  – ჟურნალ „საარქივო მოამბის“ სპეცნომერი ილია II -ის ლოცვა–კურთხევით გამოვიდა და მთლიანად რელიგიურ თემატიკას ეძღვნება. 

ჟურნალი „საარქივო მოამბე“ 2008 წლის მაისიდან გამოიცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.  2007 წელს, პრეზიდენტის ბრძანებით, ყოფილი პარტიული ორგანოების არქივები  შსს–ს გადაეცა.  სწორედ ამ მასალების საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით  შეიქმნა  ჟურნალი „საარქივო მოამბე“. თუმცა, მე–8 ნომერი სპეციალურია იმიტომ, რომ პირველად აქვეყნებს არქივში დაცულ დოკუმეტებს, რომლებიც მართლმდადიდებლურ ეკლესიას ეხება და აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. 

6 საათისთვის ჟურნალის წარსადგენად  მარმარილოს რუხ დარბაზში მეუფე სტეფანე და მეუფე ელისე შემოვიდნენ, ჭაღარაწვერებიანი, შავი ანაფორით შემოსილი სასულიერო პირები, რომლებსაც გარს ჟურნალისტები შემოეხვივნენ და მიკროფონები მიუშვირეს. მეუფე სტეფანემ ქართული  ეკლესიის „ავადსახსენებელი წლები“ გაიხსენა და ტელევიზიის ჟურნალისტებს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალ ფომაზე ესაუბრა:

ჟურნალის შემქმნელების მეორე ფრთა – შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართვლოს უფროსი ომარ თუშურაშვილი,  სასულიერო პირებთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას ახალი ჟურნალის შინაარსზე ესაუბრებოდა. 

ჟურნალის გამოცემის იდეა, ნაწილობრივ,  პოლკოვნიკ თუშურაშვილისა და მეუფე ელისეს რელიგიურ თემებზე საუბრის დროს დაიბადა.  რადგან საარქივო მასალა შეიცავდა  ინფორმაციას საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურების მოღვაწეობის შესახებ საბჭოთა ბოლშევიკური მმართველობის დროს, მათი გადაწვეტილებით, დადგა დრო  დაინტერესებულ საზოგადოებასაც სცოდნოდა დეტალები, ანუ, როგორც თუშურაშვილი აცხადებს,  საარქივო მასალები „გამომზეურებულიყო.“

იდეის ავტორები ჯერ პატრიარქთან –ილია მეორესთან მივიდნენ და ლოცვა–კურთხევა სთხოვეს. სანამ მასალა დაინტერესებულ საზოგადოებამდე მიაღწევდა, საარქივო მასალები საქართველოს  მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა დაათვალიერა და როგორც ომარ თუშურაშვილი ამბობს, „ცენზურის“ გარეშე  მიაწოდა საზოგადოებას.

თუშურაშვილის თქმით,  ჟურნალში გამოქვეყნებულია აქამდე უცნობი მასალები, რომელიც შეიძლება გახდეს „კამათის მიზეზი.“ 

ჟურნალის გამოცემა, რომელიც სახელების „ხალხის სამსჯავროზე გამოტანას“ გულისხმობს,  მეუფე ელისემ იმ „სამსაჯავროს“ მიამსგავსა, რომელიც, მისი თქმით, თამარ მეფის მიმართ გამოითქვა ბოლო წლებში:

ჟურნალის ერთ–ერთი ავტორის (რომელიც ჟურნალის რედაქტორის მოადგილეცაა) – ლია კერესელიძის მიერ „სამსჯავრო აქვთ გამოტანილი“ ონელებს, რომლებმაც, წიგნიდან ციტატას თუ მოვიშველიებთ, „აღიარეს, რომ რელიგია არის ზედმეტი ბარგი ადამიანისთვის,“ ხოლო „ეკლესია თავისი წარმომადგენლობით არის ერთგვარი  დაწესებულება, რომელიც აფერხებს ხალხის გათვითცნობიერებას და გამორკვევას“.

წიგნში მოხსენიებულია სოფლები (ღები, ხვანჭკარა, ბუგეული), სადაც ჩატარდა  კრებები. მაგრამ კერესელიძე „მკრეხელობის ყოველგვარი ზღვრის გადაჭარბებას“ უწოდებს იმას, რაც კინორწმინდაში მოხდა. ამ შემთხვევაზე მოხსენებულია გვარებიც და ზუსტი თარიღიც.

ოქმში წერია: „1923 წლის იანვრის 7–სა დღესა შესდგა ნიკორწმინდის თემის მცხოვრებთა კრება. კრებამ აირჩია თავმჯდომარედ გაბო კაციტაძე და შალიკო გურგენიძე. დღიურ წესრიგში იყო საკითხად მოხსენება ანტირელიგიის შესახებ გამოდის მომხსენებელი ამხ. ალ.ჭელიძე. პირველად მომხსენებელი შეეხო ცეცხლთაყვანისმცემლობას. ფართოთ დაახასიათა ეს ცრუმორწმუნეობა, აუხსნა ხალხს, რომ ცეცხლს უწინ კი არა, დღესაც დიდ ხუთშაბათს საქართველოში და აგრეთვე რაჭაშიდაც  დაანთებდნენ…შემდეგ მომხსენებელი შეეხო ქრისტიანულ სარწმუნოებას. დაახასიათა, რომ ამ სარწმუნოებას არავითარი კეთილი არ შეუძლია, რომ მოუტანოს ხალხს, დაასურათა მღვდლების და ბერების სპეკულაცია ხალხის წინაშე. ..“

კითხვაზე, რამდენად მოუნდებოდა ამის წაკითხვა გასულ საუკუნეში მომხსენებელ ჭელიძის შთამომავალს დღეს, მით უმეტეს, თუ ის მორწმუნე მართლმადიდებელია,  შსს–ს საარქივო სამმართველოს უფროსის ომარ თუშურაშვილი პასუხობს, რომ, უმრავლესობა „იძულებით“ იყო ნათქვამი, ამიტომ, ხშირად,  გამომცემლები თავს არიდებნდნენ სახელების ხსენებას, როცა საქმე დასმენას ეხებოდა:

მხილებაზე უფრო  მკაცრი იყო მეუფე ელისე.

მეუფის  თქმით, ამ ჟურნალის გამოცემა, ანუ ხალხის მხილება (მათ შორის, თამარის შესახებ მოსაუბრეებისაც)   აუცილებელია დღესაც, რადგან, თუ „ხმა არავინ ამოიღო, მომავალ თაობას მსგავსი მამხილებელი ჟურნალების გამოცემა მოუწევს,“ სადაც მსგავსი სახლების ჩამონათვალი მოხვდება.

მეუფის აზრით, მათი არმხილება საზოგადოების გულგრილობაზეც მიუთითებს, რითაც „ცოდვილების ჯოჯოხეთში სამუდამოდ გასტუმრება“ ხდება.

მეუფემ ელისემ მოიყვანა მაგალითი, როცა ერთ–ერთმა ქართულმა გამოცემამ მას თამარ მეფის შესახებ „ცოდვილის მამხილებელი“ 2 გვერდიანი წერილიდან მხოლოდ რამდენიმე ხაზი გამოუქვეყნა.

მეუფის თქმით, პრესაც უნდა ეწეოდეს „ცოდვილების მხილებას.“

„არა რა არს დაფარული, რომელიც არ გამოჩნდეს. დროზე ვამხილოთ ისინი, ვინც არის სამხელი, თორემ როგორც აქ (ჟურნალში) მოხსენებული უღმერთონი ეზიზღება ხალხს, ისე შეეზიზღებათ თანამედროვე უღმერთონი მომავალ თაობას „ – მიმართა წარბშეკრულმა, ნაოჭებიანმა მეუფემ შეკრებილ გაფაციცებულ საზოგადოებას. ნერვიული, წყვეტილი საუბრის შუალედებში მხოლოდ გალობის სუსტი ხმა ისმოდა.

ჟურნალი არა მარტო მხილებას, ასევე იმ პატრიარქების ბიოგრაფიებსაც მოიცავს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ „წითელ ჩექმას“, არის ასევე დღემდე გამოუქვეყნებელი ზვიად გამსახურდიას წერილი მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატის–  ედუარდ შევარდნაძის მიმართ, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი შევარდნაძეს სოფელ ცაიშის 120 მორწმუნის თხოვნით ეკლესიის გახსნას სთხოვს:

საქართველოს დღევანდელი პატრიარქის – ილია მეორის ცხოვრების ისეთი დეტალებიცაა მოთხრობილი, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია, თუ პატრიარქის ბიოგრაფს, სერგო ვარდოსანიძეს, დავუჯერებთ:

თუმცა, არაა საუბარი 90–იან წლებში პატრიარქის ცხოვრების შტრიხები სახელმწიფოსთან მიმართებაში.

ჟურნალის 500 ეგზემპლარი დაიბეჭდა და ის სხვადასხვა სასწავლებლებში და სოფლის ბიბლიოთეკებში განაწილდა, მათ შორის რეგიონებშიც  და ონშიც, სადაც მომხსენებელ ჭელიძის შთამომავალი ცხოვრობს.

ჟურნალი ორ ენაზე: ინგლისურად და ქართულადაა და ჟურნალის  რედაქტორის– ნინო ყიფშიძის–  თქმით, ის „ყველასათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი.“

გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინასებს და უფასოდ რიდგება.

ყიფშიძე ამბობს, შსს–სა და საპატრიარქოს თანამშრომლობა ამ ჟურნალით არ დამთავრდება, რადგან „საზოგადოებისგან ჟურნალზე მოთხოვნა დიდია.“

ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს განათლების სამინისტროსთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას ჟურნალის სკოლებში გავრცელების შესახებ. ნინო ყიფშიძე ამბობს, რომ შეთანხმება ჯერ–ჯერობით მიღწეული არაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი