ახალი “ძველი ბათუმი” ხეების გარეშე

ქალაქის მერიამ ძველი ბათუმის ხეების საფარისაგან გაწმენდა დაიწყო. რამდენიმე დღის მანძილზე ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა ქალაქის ისტორიულ ქუჩები 266 ხისაგან უნდა გაათავისუფლოს, აქედან 100 ძირი ხე გადარგვას ექვემდებარება, დანარჩენი 166 კი უნდა მოიჭრას.

ქალაქის მერიამ ძველი ბათუმის ხეების საფარისაგან გაწმენდა დაიწყო. რამდენიმე დღის მანძილზე ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა ქალაქის ისტორიულ ქუჩები 266 ხისაგან უნდა გაათავისუფლოს, აქედან 100 ძირი ხე გადარგვას ექვემდებარება, დანარჩენი 166 კი უნდა მოიჭრას.

ბათუმში, მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩებზე ახალმოჭრილი წიწვოვანი ხეების სუნი დგას. მერიის გადაწყვეტილების შესახებ მაზნიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებთათვის 3 მარტს გახდა ცნობილი, როცა სახლიდან გასულთ ქუჩაში ნაძვისა და კიპარისის ხეების ნაცვლად გადახეხილი ხის ძირები დახვდათ. მერიის თანამშრომლებმა ქუჩაზე მაცხოვრებლებს აუხსნეს, რომ ხეების მოჭრა ახალი ტროტუარის დასაგებად აუცილებელი იყო და ქუჩას  მალე ახალი ნარგავებით გაალამაზებდნენ. „ვის უშლიდა ხელს ეს ხეები და რატომ გადაწყვიტეს მათი მოჭრა უქმე დღეს, როცა ქალაქის მერია და უმაღლესი საბჭო ისვენებდა და პასუხი ვერავის მოვთხოვეთ?“ – კითხულობს მარინა გარსევანიშვილი. მისი აზრით ხეები დასვენების დღეს სწორედ იმ მოტივით მოჭრეს, რომ მოსახლეობის პროტესტს ქალაქის მერია არ შეეწუხებინა.

ძველი ბათუმი ხეების გარეშე
ძველი ბათუმი ხეების გარეშე

ამჟამად მაზნიაშვილის ქუჩაზე მხოლოდ ერთი, 48 წლის კიპარისის ხე დგას. მაზნიაშვილის 8 ნომერში მცხოვრები ელზა ვინჩენკო მისი სახლის წინ მდგარი ხის გადარჩენას ცდილობს. ვინჩენკომ 3 მარტს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს ხეების მოჭრის ნებართვა სთხოვა, მაგრამ მას ასეთი დოკუმენტი არ წარმოუდგინეს: „ვუთხარი, მაჩვენეთ დადგენილება, სადაც წერია, რომ ქალაქის კეთილმოწყობისათვის ამ ხის მოჭრა აუცილებელია. მითხრეს, ჩვენ არ გვჭირდება დოკუმენტის წარდგენა, ჩვენ მერიიდან ვართო. ხის წინ მანქანა დავაყენე და ორი დღეა ადგილს არ ვუცვლი. დღეს განმიცხადეს, რომ პატრულს და ევაკუატორს გამოიძახებენ, მანქანას საჯარიმოზე დააყენებენ და ხეს მაინც მოჭრიან. ორი დღეა ვცდილობ ვინმეს დავუკავშირდე, ქალაქის მერი თურქეთშია წასული, ადმინისტრაციაში არავინ მპასუხობს.  ეს ხეები ამ ქუჩის, ამ ქალაქის სავიზიტო ბარათი და „ფილტვები“ იყო.“

თამაზ ველიაძე, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველი ამბობს, რომ  ძველი ბათუმი მცენარეული საფარის გარეშე არ დარჩება. რა მცენარე ჩაენაცვლება ნახევარსაუკუნოვან წიწვოვან მცენარეებს, ჯერ არ იციან მერიაში, ტენდერი გამოცხადდებაო, ამბობს ველიაძე, თუმცა ზუსტად იცის, რომ აქ ვერტიკალური გამწვანება იგეგმება და მოჭრილი ხეების ნაცვლად ქუჩაში ბეტონის ქოთნებით დაიდგმება მცენარეები.

ხეების მოჭრით უკმაყოფილა  ჟორდანიას ქუჩაზე მცხოვრებთა ერთი ნაწილიც. „ქალაქში ხეს არ ტოვებენ, ეს ნორმალურია? მეცოდება დაჩეხილ ხეებს რომ ვუყურებ, ჯანსაღი ხეები იყო, ერთი შეხედვითაც ჩანს“ –ამბობს ჟორდანიას ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი, რომელიც ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს.  

„შესაძლებელი იყო,  ტროტუარი ისე აკურატულად გაეკეთებინათ, რომ ხეები ხელისშემშლელი არ ყოფილიყო. მინიმუმ 20 წელი სჭირდება ნაძვს, რომ ამხელა გაიზარდოს, წვიმის მერე აქ რომ გამოვდიოდით ბახმაროში გვეგონა თავი ისეთი ჰაერი იდგა“ –ამბობს მარინა გარსევანიშვილი.

ძველი ბათუმი ხეების გარეშე
ძველი ბათუმი ხეების გარეშე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნანა კვაჭაძე.ბათუმი