საზოგადოება

სტალინი, როგორც კომერციული ბრენდი და სიამაყე

26 მაისი, 2015 • • 3834
სტალინი, როგორც კომერციული ბრენდი და სიამაყე

სტალინის-გამოსახულებიანი ღვინო
სტალინის-გამოსახულებიანი ღვინო

სტალინის-გამოსახულებიანი ჭაჭა
სტალინის-გამოსახულებიანი ჭაჭა

სტალინის-გამოსახულებიანი ღვინო
სტალინის-გამოსახულებიანი ღვინო

თბილისის სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებაში, ღვინის სპეციალიზებულ თუ სუვენირების მაღაზიებში რამდენიმე დასახელების ალკოჰოლური სასმელი იყიდება, რომლის შეფუთვაც სტალინს უკავშირდება. მათ შორისაა წითელი “ალაზნის ველი”, რომელიც საბჭოთა ლიდერის გამოსახულებიან ჭურჭელშია მოთავსებული, ასევე საფერავი, რომელსაც სახელად ჰქვია “სტალინი”, რომლის ბოთლზეც მისი პორტრეტია გამოსახული, და ჭაჭა. საფერავი 12 ლარი ღირს, ჭაჭა – 15, ხოლო ალაზნის ველი – 40.

 

მაღაზიის გამყიდველი, განმარტავს, რომ ღვინით ძირითადად უცხოელი, განსაკუთრებით რუსულენოვანი ტურისტები ინტერესდებიან, თუმცა მას ქართველებიც ყიდულობენ საჩუქრის სახით.

 

სტალინის სიმბოლიკიან ჭურჭელში ალკოჰოლური სასმელების რამდენიმე სახეობას საქართველოში კომპანია “ორბი ალკო” ასხამს:

 

“კერამიკაში ჩამოსხმულ ღვინოებს სუვენირების დატვირთვა აქვს, ასორტიმენტიდან გამომდინარე თავისი ადგილი უკავია ბაზარზე. რომ გითხრათ, განსაკუთრებულად იყიდება-მეთქი, ასე არ არის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულების ნაწილი თუ დაინტერესდება, ევროპელი არ ინტერესდება, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდანაც არ ინტერესდებიან. მოკლედ, მყიდველების თვალსაზრისით თავისი შემოსაზღვრული წრე აქვს”, – ამბობს კომპანიის გაყიდვების მენჯერი გიორგი ჯავახია. მისი თქმით, პროდუქცია ბევრ მარკეტსა თუ ღვინის მაღაზიაში იყიდება, თუმცა არიან ისეთი დაწესებულებებიც, რომლებიც სტალინის დასახელების სასმელის საკუთარ ვიტრინაზე განთავსებისგან თავს იკავებენ, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებებით.

 

რაც შეეხება კომპანიის შეხედულებებს ამ კუთხით და იმას, უწევს თუ არა ღვინის შეფუთვის სტალინით გადაწყვეტა კომუნისტურ-ტოტალიტარული პროპაგანდისტულ იდეოლოგიის პოპულარიზაციას, ჯავახია აცხადებს, რომ არა, რადგან მათი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ პოლიტიკურ კომპონენტს არ ეფუძნება:

 

“ჩვენი მიდგომა ეფუძნება ისტორიულ მომენტს და პოლიტიკასთან ამას კავშირი არ აქვს. ვისაც მოსწონს, იყიდის, ვისაც არ მოსწონს – არ იყიდის. პოპულარიზაცია რაში გამოიხატება? ბალტიისპირელს რომ აჩუქო, მაინც არ უნდა სტალინი, ევროპელებს არ უნდათ, რუსეთში თუ გაიყიდება… მე ფიქრობ, რომ ეს ძალიან გაბერილი თეორიაა”, – აცხადებს იგი.

 

სტალინის, როგორც ტურისტული პროდუქტისა და კომერციული ბრენდის გამოყენება სურდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი სიგუასაც, თუმცა არ დასცალდა, რადგან გასული წლის ზაფხულში თანამდებობა დატოვება მოუხდა.

 

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავაინტერესებთ ჩინელებს ტურისტულად და ეს არის უზარმაზარი, ძალიან საინტერესო ბაზარი. მათ სკოლაში ასწავლიან და დღესაც ასე თვლიან, რომ ეს ადამიანი [სტალინი] არის მათი სახელმწიფოს სიძლიერის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რომ ის მათ ეხმარებოდა. მე უბრალოდ არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე და სტალინი კარგია თუ ცუდია, მაგაზე ვილაპარაკო, მაგრამ მე ვავრცობ თემას, რომ ეს არის მათთვის საინტერესო. ჩინელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს არ იცის, რომ სტალინი არის ქართული წარმომავლობის, რომ აქ არის მისი სახლ–მუზეუმი, აქ დაიბადა, გაიზარდა და ზოგადად იყო ქართველი. აქ საქმე გვაქვს წმინდა პრაგმატულ საკითხთან, რომ ჩვენთვის სტალინი კარგი იყო, ცუდი იყო, მომწონს, არ მომწონს და ასე შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე იმისთვის, რომ მოვიყვანო და მოვიზიდო ტურისტი მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზრიდან, ამ შანსის გამოყენებას ვაპირებ და მინდა. ასეთ შანსზე არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი უარს”, – ამბობდა სიგუა “ნეტგაზეთთან” საუბარში 2013 წელს.

 

სტალინის სახელის თუნდაც ხსენებული მიზნებისთვის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ სტალინის კომერციულ ბრენდად ქცევა პირდაპირ კავშირშია სიამაყესთან, რომელიც ადამიანების ნაწილს დღემდე აქვს საქართველოში სტალინის წარმომავლობასთან დაკავშირებით:

 

“ამ საკითხს აქვს 2 განზომილება: იურიდიული და მორალური. თუკი კანონი რაღაცის გაკეთებას არ გვიკრძალავს, ეს დაშვებულია. მაგალითად, გერმანიაში ჰიტლერის სურათების გამოყენებას კანონი კრძალავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის კეთება კარგი ან სასარგებლოა, რის გაკეთებასაც კანონი არ გვიკრძალავს. საქართველოში სტალინის სურათების კომერციული თვალსაზრისით გამოყენება, ჩემი აზრით, ყოველგვარ ადეკვატურობას მოკლებულია და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია. სტალინის სურათიანი ღვინის ან ჭაჭის დალევისას, იქნებ, გაგვეხსენებინა სტალინის ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მოკლული და გაუბედურებული მილიონობით ადამიანი”, – ამბობს ანდრონიკაშვილი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 9 მაისის განცხადებას იხსენებს სტალინის თაობაზე:

 

“მან სრულიად წარმოუდგენელი რამ თქვა: რომ ომი “ქართველმა მოიგო”. გარდა ელემენტარული უცოდინრობისა და უკიდურესად პრიმიტიული წარმოდგენისა, რომ ომი ერთმა ადამიანმა შეიძლება მოიგოს, სტალინით სიამაყე და მისი კომერციულ ბრენდად ქცევა ყველა შესაძლო არაადეკვატური სიამაყიდან ყველაზე უხამსია.

 

რით ვამაყობთ და რით გვინდა, რომ მსოფლიო გვიცნობდეს? იმით, რომ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი და ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო სისტემის შემქმნელი შემთხვევით ეთნიკური ქართველი აღმოჩნდა? ამით ჩვენ, სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვამკვიდრებთ ნეგატიურ სტეროტიპს ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების შესახებ და იმას, რომ სტალინი შემთხვევით გორში დაიბადა და არა სადმე სხვაგან, ვაქცევთ ლოგიკურ კანონზომიერებად. ვეთანხმებით იმას, რაც მან გააკეთა და ვთვლით, რომ არსებობს მისი რაღაც განზომილება, რომელიც შეიძლება მიმზიდველად, საამყოდ ან თვითიდენტიფიკაციის წყაროდ მივიჩნიოთ. სტალინის კომერცილიზაციით ჩვენ სტალინს ჩვენიანად, ჩვენი დღევანდელი საზოგადოების ნაწილად ვაქცევთ, მის დანაშაულს ტრივიალურად, უბრალოდ, კარიკატურულად გარდავქმნით და იმავდროულად ამ საქციელით მის მილიონობით მსხვერპლს, განსაკუთრებით მათსას, ვისი სახელიც დაკარგული და დავიწყებულია, დავცინით და ხელახლა ვანადგურებთ”, – ამბობს ანდრონიკაშვილი.

 

საბჭოთა სიმბოლიკის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება საქართველოში სიახლე არ არის. თბილისში არსებობს კაფე Cccp-ი, რომლის დამფუძნებელი და დასახელების იდეის ავტორი ამბობს, რომ მათ არავითარი პროპაგანდისტული მიზანი არ ამოძრავებთ:

 

“უბრალოდ კიჩია და ბრენდად ჩამოყალიბდა უკვე. Cccp-ის მაისურებიც არსებობს, ქუდებიც. არავითარი პროპაგანდა აქ არ არის. ლენინის სურათი ტუალეტში გვეკიდა ხოლმე. საბჭოთა კავშირის ფანები არ მინახავს ჩვენთან. ისე არ აღიქვამენ ამას, როგორც საბჭოთა კავშირის ფან-კლუბს. ყველა ასაკის ადამიანი მოდის, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომელთა ნაწილმა არც იცის, ვინ არის ლენინი. [საბჭოთა ბელადების] სურათები არც გვაქვს ჩამოკიდებული: უფრო სიმბოლოებია, ძველი რადიო, ტელევიზორი. ლენინის ფოტოები და რაღაც “გაფანატება” არ გვჭირს”, – ამბობს დაწესებულების დამფუძნებელი ქეთი კლიჭიძე და დასძენს, რომ მათი მიზანი მარტივი იყო: საბჭოთა კავშირის, როგორც ბრენდის კომერციალიზაცია, რაც მისი თქმით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ხორციელდება. კითხვას, ამ მიზნის განხორციელების პროცესში ხომ არ უწყობენ ხელს ტოტალიტარულ რეჟიმთან დაკავშირებული სიმბოლოების პროპაგანდას, იგი პასუხობს, რომ ამ ლოგიკით ნახევარი თბილისი და საქართველო უნდა დაანგრიონ. “ერთ-ერთი პირველი ადგილი, რასაც ტურისტები ათვალიერებენ, არის სტალინის მუზეუმი. რაც არ უნდა ცუდი გაეკეთებინა საქართველოსთვის, ეს არის ტურისტული ბრენდი, რისი გამოყენებაც შეიძლება. საუბარი არ არის, რომ გვიყვარს სტალინი და რა კარგია. ჩვენი კაფეც მხოლოდ მუზეუმივით არის, გამომდინარე იმ ძველი ნივთებიდან, რაც იქ გვაქვს”. გარდა სსრკ-ისა, თბილისში ბარი KGB-ც არსებობს.

 

კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა, რადგან არსებობს კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომელიც კომუნისტურ-ტოტალიტარული პროპაგანდისტული ტიპის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას ითვალისწინებს. ზემოხსენებული კანონის მოქმედების სფერო კერძო სექტორზე არ ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით არც საჯარო დაწესებულებების დონეზეა ეფექტური.


რაც შეეხება კერძო სექტორს, კანონში 2013 წელს შესული ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, სახელმწიფოს შეზღუდვების დაწესების კუთხით ამ სფეროსთან შეხება არ აქვს. “კანონი ამბობს, რომ სახელმწიფო ფულს ამის პროპაგანდაზე ვერავინ დახარჯავს. რაც შეეხება კერძო სექტორს, სახელმწიფო მას არ ერჩის, მაგრამ თუ რომელიმე მოქალაქე ფიქრობს, რომ [მსგავსი კერძო] დასახელებები მის ღირსებას და პატივს ლახავენ, შეუძლია სასამართლოში უჩივლოს”, – ამბობს დეპუტატი ბერძენიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი