საზოგადოება

“თავისუფლების” დღიურები – 2012

16 აპრილი, 2013 • • 2546
“თავისუფლების” დღიურები – 2012

თავისუფლების დღიურები 2012
თავისუფლების დღიურები 2012

რადიო თავისუფლების” ყოველკვირეული პროგრამის ტექსტური ვერსია წიგნად 2006 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გამოდის და მთელ განვლილ წელს 52 ადამიანის დღიურით ასახავს.

 

პროექტის განხორციელება “რადიო თავისუფლების” ქართულმა რედაქციამ 8 წლის წინ, 2006 წელს გადაწყვიტა და მას შემდეგ პროექტი ყოველ კვირას თითო დღიურს სთავაზობს მსმენელსა და მკითხველს. პროექტის ავტორის, დავით კაკაბაძის თქმით, დღიურის ფორმა ადამიანის თავისუფლებისთვის ახალ სივრცეს ქმნის, – “ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, ისეთი რაღაცები თქვა, რასაც ინტერვიუში ან სტატიაში ვერ იტყვი”.

 

დავით კაკაბაძისვე თქმით, ქართულ “თავისუფლების დღიურებს” ანალოგი 1990–იან წლებში ბოსნიის ომის დროს ჰქონდა:

 

“მაშინ ჩვენი კოლეგები ბალკანური რედაქციიდან ასეთ დღიურებს დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებს აწერინებდნენ, ძირითადად, ცნობილ ადამიანებს – მწერლებს, პოეტებს მხატვრებს, ზოგჯერ პოლიტიკოსებსაც”.

 

შემდეგ ეს დღიურები ბალკანელებმაც წიგნად გამოსცეს, თუმცა ინიციატივა აღარ გაგრძელებულა. ქართულ რედაქციას კი იდეა ძალიან მოეწონა. პროექტს პატარა მოდიფიკაცია გაუკეთა, ყოველდღიურ ჩანაწერებს ქრონიკები დაურთო – კონკრეტული დღის ქრონიკა, იმ დღის ახალი ამბები, რომელიც დღიურის ტექსტებს ერთვის.

 

პროექტის ავტორის თქმით, ტექსტებში მეტნაკლებაად აისახება ის ცხოვრება, რომლითაც საქართველო წლის განმავლობაში ცხოვრობს. “თუმცა ავტორებიდან ზოგი უფრო მეტად არის მიბმული იმ მოვლენებზე, რომლებიც მის გარშემო ხდება, ზოგი ნაკლებად, ზოგი კი საერთოდაც არ არის,” – ამბობს დავით კაკაბაძე. ამას განსაკუთრებით საინტერესოდ სწორედ დართული ქრონიკები გვიჩვენებს.

 

განსხვავებით ბალკანური წინამორბედისგან, ქართული რედაქცია ცდილობს მხოლოდ ცნობილი ადამიანების მასპინძლობით არ შემოიფარგლოს. 2012 წლის ალმანახში ცნობილ ფილოსოფოსებთან, პოლიტიკოსებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, ფილოლოგებთან, ჟურნალისტებთან, მოცეკვავეებთან და სხვ. ერთად, სკოლის მოსწავლეც არის, რამდენიმე სტუდენტი, პენსიონერი, ტაქსის მძღოლი, რკინიგზელი და ა.შ.

 

რადიო თავისუფლება ეთერში ქართულად პირველად 1953 წლის 3 მარტს გავიდა. წიგნის პრეზენტაცია და 60 წლის იუბილის მოკრძალებულად  აღნიშვნა რადიო თავისუფლებამ მომავალ სამუშაო ადგილას, რედაქციის ახალ ოფისში გადაწყვიტა.

 

 “ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ აღარ ვიყოთ საჭირო” – ამბობს პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე “თავისუფლების დღიურების” ვიდეოკოლაჟის წარდგენისას – “და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მოხარული ვიქნებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი