საზოგადოება

შესაძლო ცვლილებები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში

22 ნოემბერი, 2011 • 1458
შესაძლო ცვლილებები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში

 

”მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის განმარტება შეიცვლება”, – ეს განცხადება გააკეთა ჟურნალისტმა ია ანთაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, რომელიც ბავშვთა საკითხების გაშუქების კუთხით მაუწყებლების მონიტორინგს უკავშირდებოდა.

 

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ”ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან ნახსენებია პროგრამაში, ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში”, რაც ნიშნავს, რომ პირს, რომელსაც უშუალოდ არ ეხება გადაცემა, ვერ შეიტანს საჩივარს ტელევიზიის თვითრეგულაციის ორგანოში.

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა ია ანთაძემ აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის გამოცდილებით ბავშვთა უფლებებს ყველაზე ხშირად დედა, მამა, სოციალური მუშაკი და ჟურნალისტი არღვევს, ანუ ის, ვინც მონაწილეა, ამიტომ ფაქტობრივად ბავშვის უფლებებს ვეღარავინ დაიცავს.

მეორეს მხრივ, ტელევიზიებმა არ განიხილეს ის საჩივრები, რაც “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა” და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შევიდა. პროექტის ფარგლებში 7 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ, თუ რამდენად ეთიკურად შუქდება ბავშვთა საკითხები და რა შეცდომებია დაშვებული თბილისისა და რეგიონული მედიის მასშტაბით.

ყველა ის მასალა, რომელიც “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა” და გაეროს ბავშვთა ფონდმა სტანდარტის დარღვევად მიიჩნია, იურისტ თამარ კორძაიას გაეგზავნა, რომელმაც 40 მასალიდან 25 ჩათვალა სტანდარტის დარღვევად. აქედან 23 მაუყწყებლებს უკავშირდება, 2 შემთხვევა– ბეჭდურ მედიას, რომელიც ეთიკის ქარტიაში გადაიგზავნა.

23 საჩივარი გადანაწილდა 7 ტელევიზიაზე – რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, კავკასია, მაესტრო, თრიალეთი და რეალტივი.

ჟურნალისტმა ია ანთაძემ აღნიშნა, ტელევიზიებში საჩივრების გაგზავნის შემდეგ ტელევიზიების ნაწილმა საჩივრები განიხილა, მათ შორის პირველი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ საჩივრებს არ განიხილავდნენ, რადგან სამოქალაქო განვიათარების ინსტიტუტი არ იყო დაინტერესებული მხარე.

იურისტმა თამარ კორძაიამ განმარტა, რომ იმ ტელევიზიების დამოკიდებულება, ვინც უარი განაცხადა საჩივრის განხილვაზე, აბსოლუტურად ლოგიკური იყო.

ამ გაურკვევლობის გამო სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ საჭიროა გაფართოვდეს დაინტერესებული მხარის განმარტება. შეხვედრისას ია ანთაძემ აღნიშნა, რომ სურთ, არსებულ განმარტებას დაემატოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზანია არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა:

”იურიდიული პირი ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. იყო ვერსია, ყველასთვის ყოფილიყო გახსნილი ეს შესაძლებლობა, მაგრამ არსებობდა საფრთხე იმისა, რომ  არაკვალიფიციური საჩივრები შესულიყო ტელევიზიებში და მათთვის დაგვემძიმებინა შრომა. ამიტომ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა მივანდოთ ამ ტიპის საჩივრების შეტანა.”

შეხვედრისას ია ანთაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობდა კონსტრუქციული თანამშრომლობა თბილისისა და რეგიონულ მაუწყებლებთან და დღეს ყველა მაუწყებლობა, გარდა რეალტივისა, რომლის პასუხიც არ იციან, თანახმაა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში შეიცვალოს დაინტერესებული პირის ცნების განმარტება.

”მათ შორის პირველი იყო ტელეკომპანია “იმედი”, რაც ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან საჩივართა უმეტესობა იმედში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ საჩივარს არ განიხილავდნენ ოფიციალურად, მაინც ეცნობოდნენ და ცდილობდნენ, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო”- აღნიშნა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

ია ანთაძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი მაუწყებლობები იქნებიან თანახმა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მზადაა, კოდექსში ცვლილებები შეიტანოს და დაინტერესებული პირის ცნებას იურიდიული პირი დაამატოს.

”ვინაიდან მაუწყებლობები თანხმდებიან, შეიცვალოს დაინტერესებული პირის განმარტება, ყველაფერი მზად არის, ცვლილება განხორციელდეს”-აღნიშნა ია ანთაძემ.

უნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ ნადა ბარასოვიჩმა განაცხადა, რომ მიუხედავად გაწეული სამუშაოსა და გარკვეული პროგრესისა, ეს ჯერ კიდევ გზის დასაწყისია:

”გაეროს ბავშვთა ფონდი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან ერთად ვიმსჯელებთ, როგორ შევინარჩუნოთ ეს მუხტი და გავაგრძელოთ თანამშრომლობა”- აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი