საზოგადოება

საქართველოში რუსული სკოლები მცირდება

11 აგვისტო, 2011 • 4487
საქართველოში რუსული სკოლები მცირდება

ახალი სასწავლო წლიდან რუსული სკოლების უმრავლესობა ქართულად სკოლად გადაკეთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს, რომ ეს სამინისტროს დირექტივაა.

 

თეთრიწყაროს რუსული სკოლა იხურება

იანა გამბარიანი მეათე კლასშია. ის ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონის #2 რუსულ საჯარო სკოლაში სწავლობს. მან რამდენიმე კვირის წინ გაიგო, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში ქართულ ენაზე ისწავლის.

„შოკში ვარ. ქართული კი მესმის, მაგრამ ყველა საგნის ქართულად სწავლას ვერ შევძლებ“, –ამბობს იანა.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქვემო ქართლის თეთრიწყაროს რაიონში ამ დრომდე მხოლოდ ერთი რუსული სკოლა იყო დარჩენილი, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 90 –იან წლებამდე ორ ათასამდე იყო. სკოლაში ძირითადად, ბერძნები, რუსები და სომხები სწავლობდნენ.

90–იანი წლების შემდეგ, სკოლაში ეთნიკურ  ბერძენ და რუს მოსწავლეთა რაოდენობამ იკლო. დღეს თეთრიწყაროს რუსული სკოლაში 200–მდე მოსწავლე ირიცხება. კონტინგენტს ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები წარმოადგენენ. თითოეულ კლასში, სადაც საშუალოდ 15–17 მოსწავლე ირიცხება, 10 –ზე მეტი ეთნიკურად სომეხი მოსწავლეა, დანარჩენი –რუსი ან აზერბაიჯანელი.

ახლო სოფლებიდან ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები სწორედ ამ სკოლაში დადიან. უმრავლესობამ ქართული ენა საერთოდ არ იცის.

თეთრიწყაროს სკოლა; ფოტო:netgazeti.ge/ნინო კახიშვილი
თეთრიწყაროს სკოლა; ფოტო:netgazeti.ge/ნინო კახიშვილი

„ცხრა ივლისი იყო. მასწავლებლები სკოლაში ვიყავით. ამ დროს მოვიდნენ და გვითხრეს, რომ სკოლის დირექტორს სასწრაფოდ ადგილობრივ რესურს ცენტრში იბარებენ. ერთი საათის შემდეგ დირექტორი დაბრუნდა და სასწრაფო თათბირი მოიწვია. თათბირზე გვაუწყა, რომ რუსული სკოლა ქართულად უნდა გადაკეთდეს“, –ამბობს თეთრიწყაროს #2 საჯარო სკოლის ერთ–ერთი პედაგოგი, რომელიც სკოლის სხვა პედაგოგების მსგავსად გვთხოვს სტატიაში მისი სახელი და გვარი არ დავასახელოთ.

მასწავლებელების თქმით, დირექტორმა მაშინვე გააფრთხილა ისინი, რომ არცერთმა არსად არ უნდა იჩივლოს და არავის მიმართოს, რადგან საკითხი უკვე გადაწყვეტილია. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სკოლას სულ დახურავენ.

მასწავლებლების თქმით, 10 ივლისს დირექტორმა სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვია და რუსული სკოლის გაუქმების მოთხოვნის შესახებ პროტოკოლზე, რომლის ზუსტი შინაარსიც მასწავლებლებისთვის უცნობია, საბჭოს წევრების ხელმოწერა მოითხოვა.

„ისეთი საბუთი შეადგინეს, თითქოს, სკოლის გაუქმება თვითონ მშობლების ინიციატივით ხდება. საბჭოს რამდენიმე წევრს, ხელი არ მოუწერია ამ პროტოკოლზე, მაგრამ სკოლიდან მის წასაღებად მეორე დღეს, თავად რესურს ცენტრის თავმჯდომარე, ზურაბ აზარიაშვილი მოვიდა. აქამდე არასოდეს გვსტუმრებია“, –ამბობს სკოლის მასწავლებელი.

თვითონ ზურაბ აზარიაშვილი, თეთრიწყაროს რესურს ცენტრის თავმჯდომარე აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთთან კომენტარს არ აკეთებს.

თეთრიწყაროს სკოლა; ფოტო:netgazeti.ge/ნინო კახიშვილი
თეთრიწყაროს სკოლა; ფოტო:netgazeti.ge/ნინო კახიშვილი

შექმნილი ვითარებით შეშფოთებული სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქციაც გამართეს.

„თუმცა, სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ პროტესტს აზრი აქ აქვს. თუ ხმას ამოიღებთ, სკოლას სულ დახურავენ და შვილები სადაც გინდათ იქ წაიყვანეთო. ასე კი, ქართულენოვანი სკოლა მაინც იქნება და ბავშვები სადმე მაინც ივლიან. თუმცა, როგორ შეძლებენ ქართულად სწავლას. მე თვითონ არ ვიცი ქართული, ქმარმაც ცუდად იცის, ვინ დაეხმარება ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში, მეზობლებთან ხომ  ვერ ვატარებ. დამატებით რომ მოვამზადო ქართულში, სად გვაქვს მაგდენი“, –ამბობს კარინა გევორქიანი, რომლის მეშვიდე და მეათე კლასელი შვილები სკოლაში რუსულად სწავლობდნენ.

მშობლები ამბობენ, რომ სკოლაში მშობელთა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

„რაღაც დოკუმენტი აქვთ, სადაც წერია რომ გავეცანით ცვლილებებს, რომ ჩვენი შვილები სექტემბრიდან უკვე ქართულად ისწავლიან და ამ ყველაფერს ხელი უნდა მოვაწეროთ. მე ჯერ არ მომიწერია. ვფიქრობ ჯერ“, –ამბობს კარინა გევორქიანი.

მშობლები  და პედაგოგები ამბობენ, ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ ბავშვებმა ქართული ენის სწავლა დაიწყონ, თუმცა მიაჩნიათ, რომ  განსაკუთრებით უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის, ასეთი რადიკალური ცვლილება სწავლის ხარისხის ამაღლებას ხელს ვერ შეუწყობს.

„ბავშვები ეცდებიან ახსნილი ჯერ გაიაზრონ, მერე გონებაში რუსულად თარგმნონ, მერე გადმოთარგმნონ ეს ყველაფერი ქართულად და ა.შ. ამდენის მოსწრება 45 წუთაინ გაკვეთილზე შეუძლებელია. ისინი აუცილებლად ჩამორჩებიან პროგრამას“, –ამბობს რუსული სკოლის მასწავლებელი.

მას შემდეგ რაც სკოლის ქართულად გადაკეთება ამცნეს, მასწავლებლებს, რესურსცენტრის ინიციატივით, ყოველდღიურად ქართული ენის ტრენინგებს უტარებენ. მათ რუსული სკოლებისთვის გათვალისწინებულ ქართული ენის სახელმძღვანელოს პროგრამით ასწავლიან. 15 სექტემბრიდან კი, ამ ზაფხულს ნასწავლი ქართულით უკვე სკოლის მოსწავლეებს უნდა ასწავლონ.

„ვსწავლობთ ქართულად თხრობას, თარგმანს, მოკლე ესეებს, კითხვებზე პასუხების გაცემას“, –ამბობს რუსული სკოლის მასწავლებელი.

მასწავლებლებს უთხრეს, რომ თუ მოსწავლე რამეს ვერ გაიგებს, მათ შეუძლიათ რუსულად აუხნან.

თვითონ რუსულ ენას კი მოსწავლეები მეშვიდე კლასიდან კვირაში მხოლოდ ერთი საათი ისწავლიან.

 

რუსული სკოლები თბილისშიც იხურება

 

ივეტა პოღოსიანი, თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობს. მისი შვილები იქვე, 76–ე საჯარო რუსულენოვან სკოლაში დადიოდნენ. სკოლის ქართულად გადაკეთების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. როგორც ამბობს, მაშინვე სხვა რუსულენოვანი სკოლები მოიკითხა. ავლაბრის ერთ–ერთ რუსულ სკოლაში კი, რომლის ქართულად გადაკეთებას ჯერჯერობით არავინ აპირებს, მისი შვილი არ მიიღეს.

„გვითხრეს, რომ ადგილი აღარაა იმ სკოლაში, რადგან დახურული ან ქართულად გადაკეთებული სკოლებიდან მშობლებმა ბავშვები სწორედ ამ სკოლაში გადაიყვანეს. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დარწმუნებული ვარ, ქართულად ვერ ისწავლის ჩემი შვილი. მითუმეტეს, წელს ქიმიის სწავლასაც იწყებენ. ვერაფერს გაიგებს“, –ამბობს ივეტა პოღოსიანი.

ოფიციალური ინფორმაციით რუსული სკოლები არ იხურება

ზუსტად რამდენი რუსულენოვანი სკოლა დაიხურა და რამდენი ქართულ სკოლად გადაკეთდა, უცნობია, რადგან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მის მიერ რუსულენოვანი სკოლების დახურვას საერთოდ არ ადასტურებს.

„არცერთი რუსულენოვანი სკოლა საქართველოს მასშტაბით არ დაკეტილა. განათლების სამინისტროსგან არანაირი მსგავსი დირექტივა არ იქნა მიცემული. ცალკეულმა სკოლებმა, რომლებაც ნახეს, რომ მისთვის ამ სექტორის არსებობა იყო წამგებიანი და დეფიციტური ხდებოდა, თავად მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება. რიგმა სკოლებმა რუსული სექტორი გააუქმა, რიგმა დატოვა“. –ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე.

ცნობამ იმის შესახებ, რომ სამინისტროს დირექტივა არ ყოფილა რუსული სკოლის ქართულ სკოლად გადაკეთება, თეთრიწყაროს #2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს იმედი დაუტოვა, რომ ადგილობრივი რესურს ცენტრიდან მიღებული დირექტივით თვითონ სამინისტრო დაინტერესდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი