25 მილიონი- ქუჩის მხატვრების წარწერა საპატრიარქოსთან. თბილისი, საქართველო 04/01/2015 ფოტო: მარიამ ნატროშვილი

“გასაუბრება” პოლიციაში საპატრიარქოსთან გაკეთებული წარწერის გამო

ქუჩის მხატვრები, მარიამ ნატროშვილი და გვანცა ჯიშკარიანი პოლიციაში დაიბარეს იმის გამო, რომ საპატრიარქოს და ფილარმონიის წინ ასფალტზე გააკეთეს წარწერა 25 000 000. დაარღვიეს თუ არა კანონი მხატვრებმა, თუ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და მიადგა თუ არა ზიანი საპატრიარქოს?

25 მილიონი- ქუჩის მხატვრების წარწერა საპატრიარქოსთან. თბილისი, საქართველო 04/01/2015 ფოტო: მარიამ ნატროშვილი
25 მილიონი- ქუჩის მხატვრების წარწერა საპატრიარქოსთან. თბილისი, საქართველო 04/01/2015 ფოტო: მარიამ ნატროშვილი

პროტესტი – 25 მილიონი

 

ქუჩის არტისტებმა ეს წარწერები 4 იანვარს გააკეთეს, რადგან ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის დაბადების დღე იყო და ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ფილარმონიაში.

 

წარწერის ფოტო მეორე დღეს გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელ facebook-ზე მინაწერით:

“ვულოცავთ პატრიარქს იუბილეს და გადავცემთ 25 000 000 ჩეკს და კიდევ ერთხელ ვახსენებთ ჩვენს თავსაც და საზოგადოებასაც, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ჯიბიდან საპატრიარქოს გადაეცემა 25 მილიონი და  თანხები იხარჯება არამიზნობრივად”.

 

ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო საპატრიარქოსთვის 2015 წლისთვის.

 

“ეს იყო ჩვენი არტისტული და სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება, რეაქცია იმაზე, რომ ინსტიტუცია, რომელიც სიძულვილს ქადაგებს, ფინანსდება ბიუჯეტიდან, მაშინ, როცა ქვეყანაში ათასობით მძიმე სოციალური პრობლემაა”, – უთხრა “ნეტგაზეთს”  მარიამ ნატროშვილმა.

 

ის ამბობს, რომ 8 იანვარს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და უთხრეს, პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადებულიყო გვანცა ჯიშკარიანთან ერთად.  

 

“გასაუბრება” პოლიციაში

 

მარიამ ნატროშვილი ამბობს, რომ პოლიციაში წასვლამდე დაურეკა და ჰკითხა, თუ რა სტატუსით იბარებდნენ, რაზედაც პასუხად მიიღო, რომ “ეს სატელეფონო სალაპარაკო არ არის”.

 

ქუჩის მხატვარი ამბობს, რომ 8 იანვარს ჯერ იმყოფებოდნენ თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც “გასაუბრებას” ესწრებოდა საპატრიარქოს სამი წარმომადგენელი, ხოლო შემდეგ -ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეადგინეს ოქმი.  

 

ნატროშვილის თქმით, საღამოს, 19.00 საათზე მივიდნენ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.

 

“პოლიციის უფროსის კაბინეტში მოგვიწყვეს “გასაუბრება” საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. გვითხრეს, რომ ეს არ არის ოფიციალური დაკითხვა და უბრალოდ “ადამიანურად” უნდათ გაარკვიონ, რატომ დავწერეთ”.

 

ნატროშვილი ამბობს, რომ მათ არ უარყვიათ, რომ წარწერა მათი გაკეთებული იყო და აუხსნეს, რომ არიან ქუჩის არტისტები და ამით გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ყურადღების გამახვილება იმაზე, რაც მათი აზრით არასწორია. 

“გასაუბრებაზე”, რომელიც უფრო გარჩევას და ჭკუის დარიგებას, შეშინებასაც ჰგავდა, იყო კითხვები: რატომ გააკეთეთ ეს, არ უნდა გაგეკეთებინათ, მით უმეტეს, პატრიარქის დაბადების დღეზე, თქვენ ორნი ხართ, ჩვენ მთელი საქართველო, ქრისტიანები ხართ? ჯვარს ატარებთ? და ა.შ.”.

 

ნატროშვილი ამბობს, რომ როცა ჰკითხეს სამართალდაცავებს, თუ რა სტატუსით იმყოფებოდნენ პოლიციაში, ან რა მუხლით უპირებდნენ ბრალის წაყენებას, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ  “პატრიარქის ნებაა, არ დაისაჯოთ და ეს არ არის დაკითხვა, ეს უბრალოდ გასაუბრებაა”.

 

ნეტგაზეთის კითხვას, როგორ მოახდინეს საპატრიარქოს წარმომადგენლების იდენტიფიცირება და იყვნენ თუ არა ისინი სასულიერო პირები, მხატვარმა უპასუხა, რომ სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ ისინი იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები.  “სავარაუდოდ, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები”.

 

 

“ასევე გვითხრეს, რომ აქ ვართ საპატრიაქროდან შემოსული განცხადების საფუძველზე, თუმცა არ ქონდათ პასუხი ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა გზის სავალ ნაწილზე, და არა ფასადზე, წარწერა კანონდარღვევა და გვეუბნებოდნენ, რომ გზის სავალი ნაწილიც საპატრიარქოს საკუთრებაა”, – უთხრა ნატროშვილმა “ნეტგაზეთს”.

ქუჩის მხატვარი ამბობს, რომ ის და მისი მეგობარი რამდენიმე წელია აკეთებენ ქუჩებში სხვადასხვა წარწერებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქუჩაში წარწერებით აზრის გამოხატვის გამო პოლიციაში დაიბარეს.

 

სამართალდამცავების განმარტება

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა  შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე განმარტებისთვის, თუმცა შსს-ს პრესსამსახურმა განგვიცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობენ და “თუ ექნებათ”, თავად დაგვიკავშირდებიან.

კანონდარღვევა თუ გამოხატვის თავისუფლება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მხატვრების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია:

 

“იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივ ინფორმაციას ვგულისხმობ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მხატვრების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ჩვენ  გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 150-ე მუხლი, რომელიც წარწერების გაკეთებას კრძალავს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, მაგრამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ეს ტერიტორია მხოლოდ იმ შემთხვევაში არის აკრძალული ტერიტორია წარწერების გაკეთების მიზნებისათვის, თუ ის არის ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა მიმდებარე”.

 

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აქედან გამომდინარე, თუ საერთოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ან რაიმე დარღვევას და  კანონმდებლობასთან შეუსაბამო ქცევას ადგილი არ ჰქონია, გაუგებარია, რას ეფუძნებოდა პოლიციის ქცევა:

 

“პოლიციის შესახებ კანონს თუ ჩავხედავთ, აქ არის 21-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პირის მოწვევას გასაუბრების მიზნით, მაგრამ ამ მუხლსაც აქვს ძალიან სპეციფიკური მიზნები და ამ საქმეში ამ მიზნების არსებობა არ იკვეთება. მაგალითად, ეს მიზანი შიძლება იყოს, როდესაც აუცილებელია პირის იდენტიფიცირება პოლიციის მხრიდან, ან როდესაც ფიქრობს, რომ პირს, რომელსაც იწვევს გასაუბრების მიზნებისთვის, აქვს საჭირო ინფორმაცია, რომელიც პოლიციას თავის ფუნქციის შესასრულებლად გამოადგება. მაგრამ ამ საქმეში აშკარაა, რომ ამ საფუძვლებს ადგილიც არ ჰქონია”

 

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ასევე გაუგებარია, რა პროცედურულ ნორმებზე დაყრდნობით მოხდა საპატრიარქოს წარმომადგენლების დასწრება გასაუბრებაზე.

 

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და ეს არის ძალიან მაღალი ღირებულება, რომელიც დაცული უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში.

 

“ თუ ჩვენ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამოხატავს აზრს, რაც შეიძლება სახელმწიფოსთვის ან სხვა აქტორისთვის იყოს მიუღებელი, ამის გამო მას პოლიცია დაიბარებს და მორალს წაუკითხავს, ან ჭკუას დაარიგებს, ან გარკვეულ მითითებებს მისცემს, მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფო არათუ უფრთხილდება გამოხატვის თავისუფლებას, რისი ვალდებულებაც მას აქვს, არამედ პირიქით, საფრთხესაც კი უქმნის, იმიტომ, რომ ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, როდესაც ისინი თავიანთი კონსტიტუციური უფლების განხორციელებას ცდილობენ, არის აბსოლუტურად შეუსაბამო კანონთან და ძირს უთხრის მთლიანად თავისუფლების დაცვას”.

 

წარწერა საპატრიარქოსთან და ზიანის ტესტი

 

იურისტი, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი  განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე ან ფეხით მოსიარულეთა, ან სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე წარწერების ან ნახატების შესრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

 

“მაგრამ, ამავე დროს, ეს მუხლი საკმაოდ ზოგადია და ასეთი ნახატებისა და წარწერების შესრულებას კრძალავს ყველა შენობის ფასადზე, თვითმმართველ ერთეულში რაც შედის. ანუ, ყველგან, სადაც არ არის ამისთვის ადგილი სპეციალურად გამოყოფილი, ყველგან შეიძლება აკრძალული იყოს ეს და წარწერების გაკეთება ყველგან შეიძლება რაღაც პასუხისმგებლობად დაუჯდეს ადამიანს.  თბილისი გამონაკლისი არ არის, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში არის იგივე შეზღუდვა. ზოგ შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშების გადაღებვაც ხდება ხოლმე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში. ანუ ყველგან არის ეს პრობლემა”.  

 

თუმცა ის არ ფიქრობს, რომ ლეგიტიმურია, თუკი ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც კედელზე ანდა ტროტუარზე რაღაცას  დაწერს ან დახატავს , უნდა დაისაჯოს ჯარიმით:


“ვფიქრობ, რომ კანონმდებლობის ასეთი ინტერპრეტაცია არ უნდა ხდებოდეს. ყოველთვის, როცა ვმსჯელობთ, უნდა შეიზღუდოს თუ არა გამოხატვის თავისუფლება და რამდენად ლეგიტიმურია ეს შეზღუდვა, ჩვენ გვჭირდება ე.წ. ზიანის ტესტი. ანუ ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ რა ინტერესს ადგება ზიანი. ეს ინტერესი რამდენად არის ლეგიტიმური ინტერესი, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია და ამ კონკრეტულმა გამოხატვამ (გრაფიტი იქნება ეს თუ სხვა) რა ზიანი მიაყენა მას და რომელი ინტერესი, ანუ, გამოხატვა თუ კონკრეტული უწყების ან კონკრეტული ინსტიტუციის ფასადების მოწესრიგებულობა უფრო მნიშვნელოვანი არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის”.   

 

გურჩიანი განმარტავს, რატომ არ ემხრობა წარწერებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას:

 

“თუ დავაკვირდებით, თბილისში მთელი საზოგადოებრივი სივრცე დაპყრობილი აქვს რეკლამებს, ანუ, რაღაც კომერციულ ინტერესებს. ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენ საზოდაგოებრივ სივრცეს იყენებს იმისთვის, რომ, მაგალითად, კომერციულმა ორგანიზაციებმა რეკლამა განათავსონ. ეს სივრცე ადამიანებს ეკუთვნით უპირველეს ყოვლისა და თუ მათ რაღაცა სათქმელი აქვთ, უნდა იყოს ადგილი, სადაც ისინი იმ ფორმით, რომელ ფორმასაც ისინი აირჩევენ, ამ სათქმელს გამოხატავენ. ვინც ნამყოფია, მაგალითად, ბერლინში, ან ბევრ სხვა ქალაქში, იცის, სტენსილები არის სწორედაც რომ თავისუფლების სიმბოლო და იმის სიმბოლო, რომ საზოგადოებრივი სივრცეები, ეს იქნება ქუჩები თუ შენობები, პირველ რიგში ადამიანს და მის თავისუფლებას ეკუთვნის”.  

 

გურჩიანს მიაჩნია, რომ ზიანი, რომელიც წარწერების შედეგად მეორე მხარეს შეიძლება მიადგეს, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში არის “განხილვის ღირსი” – როცა საქმე კერძო საკუთრებას ეხება და არა ისეთ შენობებს ან ქუჩებს, რომლებიც  საზოგადოებრივი საკუთრებაა.

 

“ასეთ დროს ჩემთვის საერთოდ ზიანის საკითხიც არ დგება, იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის რამე იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანების თავისუფალი გამოხატვა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ზიანის ტესტს რომ მიუყენებ ამ ყველა კონკრეტულ შემთხვევას, აღმოაჩენ რომ სინამდვილეში სულაც არ ზიანდება არანაირი ლეგიტიმური ინტერესი, სინამდვილეში გამოხატვის თავისუფლებაზე უფრო მაღლა ამ შემთხვევაში ვერ დადგება ვერანაირი ლეგიტიმური ინტერესი და გამოხატვის თავისუფლებაზე უფრო დიდი წვლილის შეტანა დემოკრატიაში არც ერთ ლეგიტიმურ ინტერესს არ შეუძლია. იმიტომ, რომ ლამაზ ფასადებს და წარწერის გარეშე არსებული ქუჩებს და შენობებს – არანაირი წვლილი დემოკრატიაში არ შეაქვს, მაგრამ ამ ფასადებზე და ქუჩებზე გამოხატული პროტესტს, თუ ასეთი პროტესტის მოთხოვნილება არსებობს, ნამდვილად შეუძლია, რომ რამე შეცვალოს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ჩაიხშოს და ჩახშობა კიდევ ისეთი მძიმე საშუალებებით, როგორიც არის დასჯა თუნდაც ფინანსური სასჯელებით იქნება ძალიან დიდი დარტყმა, რისი საფასურიც გაცილებით უფრო მიმე იქნება, ვიდრე დაჯღაბნილი და ულამაზო ფასადები და ქუჩები”.

 

თამარ გურჩიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ თუკი ზემოთ აღწერილ კონკრეტულ შემთხვევაში “ზიანის ტესტს” ავამუშავებთ, საპატრიარქოს ლეგიტიმური ინტერესი საფრთხის ქვეშ არ დგება.

 

“ პირიქით, მე თუ მკითხავ, სამართლიანია აღშფოთება, რაც  ჰქონდათ იმ არტისტებს, ვინც ამის გაკეთება გადაწყვიტა. მე ვფიქრობ, ეს ნაბიჯი პირდაპირპროპორციულია იმ  აღშფოთებისა, რაც საზოგადოებაში არის, მცირე ნაწილში, მაგრამ არის. ამიტომ საპატრიარქოს აბსოლუტურად არანაირი ინტერესი არა აქვს, რომელიც ოდესმე შეიძლება უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ამ არტისტების გამოხატვის თავისუფლება”.

 

“ამასთან, სამართლებრივად, საპატრიარქო ადმინისტრაციული ორგანო არ არის, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია დაცული იყოს ასეთი წარწერებისგან. იმ ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოები არ არის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა სავალ ნაწილზე  საერთოდ არ არის აკრძალული წარწერების გაკეთება, შესაბამისად, პოლიციის ქმედება გადაჭარბებული იყო და არტისტების ქმედება კი სრულიად კანონიერი.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი