სამართალი

დათა ახალაიას 3.9 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

14 მარტი, 2014 • • 1727
დათა ახალაიას 3.9 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

ამას გარდა, ახალაიას, რომელსაც სასჯელი დაუსწრებლად მიუსაჯეს, აეკრძალა 1.6 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.

 

სასამართლომ ახალაია უდანაშაულოდ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის მეორე ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება  2005 წლის 2 იანვარს რესტორან “ძველ სახლში” ოჯახურ სუფრაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მაშინდელი შს მინისტრის მეუღლეს – თაკო სალაყაიას მიაყენეს შეურაცხყოფა. ბრალდების ინფორმაციით, აღნიშნული სუფრის შემდეგ, 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, კერძოდ, სამძებროს უფროსსა და პირველი განყოფილების უფროსს ტელეფონით დაუკავშირდა სოსო თოფურიძე და მათ სთხოვა კუდ-ის ოფისში მისვლა დათა ახალაიასთან.


“აღნიშნული პირები მივიდნენ, სადაც პირადად დათა ახალაიამ, სოსო თოფურიძემ, ოლეგ მელნიკოვმა და გერონტი ალანიამ სასტიკად სცემეს სამძებროს უფროსი და გაიყვანეს ცალკე ოთახში.

 

მოგვიანებით პირველი განყოფილების უფროსისგან მათ შეიტყვეს, რომ რესტორანში ინციდენტის მონაწილე არ იყო ნაცემი პოლიციელი, რის შემდეგაც სამძებროს უფროსს ბოდიში მოუხადეს, დაპირდნენ სამსახურებრივ წინსვლას და გამოუშვეს.

 

ამის შემდეგ კუდ-ის შენობაში იმავე პირებმა დაიბარეს მთაწმინდა-კრწანისის შს მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამძებროს უფროსი, რომელიც სასტიკად სცემეს, აწამეს და რამდენიმე საათის განმავლობაში აღუკვეთეს თავისუფლება”, – ასეთია პროკურატურის ვერსია.

 

აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულები იყვნენ შსს-ს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები: გერონტი ალანია, სოსო თოფურიძე, ოლეგ მელნიკოვი. სასამართლომ მათაც 3.9 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 1.6 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.


სასამართლო დარბაზში დღეს იმყოფებოდნენ ერთ-ერთი დაზარალებულის – მალხაზ აზარაშვილის ნათესავები. მისმა სიდედრმა ლიანა ნადირაძემ მადლობა გადაუხადა პროკურატურას და იუსტიციის სამინსტროს:


“როდესაც ვნახე, მას ერთი ნეკნი მთელი არ ჰქონდა. დღეს სამართალმა იზეიმა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით და აუცილებლად მოვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას”, – განაცხადა მან განაჩენის გამოცხადების შემდეგ.


დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, დაცვის მხარე გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი