ხელოვნება

“ოსკარის” დაჯილდოებაზე საქართველო ლევან თუთბერიძის ფილმ “მოირას” წარადგენს

12 სექტემბერი, 2015 • • 1515
“ოსკარის” დაჯილდოებაზე საქართველო ლევან თუთბერიძის ფილმ “მოირას” წარადგენს

აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დღეს მიიღო, რომელსაც არჩევანი “მოირასა” და მოჰსენ მახმალბაფის ფილმ „პრეზიდენტს” შორის უნდა გაეკეთებინა.

 

რამდენიმე კვირის წინ ეროვნულმა კინოცენტრმა დაიწყო განაცხადების მიღება კვალიფიციური ფილმების შესარჩევად. დადგენილი პირობების მიხედვით, შესარჩევ პროცესში მონაწილეობა მიიღო ორმა ფილმმა.

 

ლევან თუთბერიძის „მოირა“ არის ძმების შესახებ, რომელთაც პატარა თევზსაჭერი გემი ჰყავთ და ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია. მეთევზე ძმები საარსებო ფულის შოვნას აპირებენ, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია.

 

კომისიის წევრები არიან:

  1. ნანა ჯორჯაძე – რეჟისორი
  2. ზაზა ურუშაძე – რეჟისორი
  3. გიორგი ოვაშვილი – რეჟისორი
  4. ნანა ჯანელიძე – რეჟისორი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
  5. ნატო მურვანიძე – მსახიობი
  6. ვაჟა გიგაშვილი – მწერალი, სცენარისტი
  7. ლელა ოჩიაური – კინომცოდნე
  8. კახა კანდელაკი – კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
  9. ნოშრე ჩხაიძე – პროდიუსერი

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინაციისთვის “მოირამ” კიდევ ორი შერჩევა უნდა გაიაროს, რომელიც სავარაუდოდ 2015 წლის ბოლოს ჩატარდება, სადაც გავიგებთ, მოხვდა თუ არა კანდიდატ ფილმებს შორის, ხოლო 2016 წლის იანვარში გაირკვევა, იქნება თუ არა ფილმი ნომინანტებს შორის. “ოსკარის” რიგით 88-ე დაჯილდოება 2016 წლის 28 თებერვალს გაიმართება.

მოირა
მოირა

მასალების გადაბეჭდვის წესი